ლონდონში სამიტი დასრულდა | ლიდერებმა მოლდოვისა და უკრაინის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს, კობახიძე ენერგოუსაფრთხოების დისკუსიას ესწრებოდა

გამოქვეყნდა:

ევროპის პოლიტიკური სამიტი ლონდონში, ირაკლი კობახიძის მონაწილეობით - ბლენჰაიმის სასახლეში, დიდი ბრიტანეთში მიმდინარე უმაღლესი დონის სამიტი დასრულებულია, თუმცა საქართველოსთვის ხელშესახები შედეგების გარეშე.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერმა და ევროპის ქვეყნების უმაღლესმა წარმომადგენლებმა  ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და უკრაინას ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

პანელურ დისკუსიაში, რომელიც მოლდოვისა და უკრაინის უსაფრთხოებისა რუსული აგრესიის საკითხებს შეეხებოდა მსოფლიო ლიდერები მონაწილეობდნენ, თუმცა საქართველოს პრემიერმინისტრი ამ დროს ენერგოუსაფრთხოების დისკუსიას ესწრებოდა.  

ირაკლი კობახიძემ ევროპის ლიდერებიდან ქება მხოლოდ ვიქტორ ორბანისგან დაიმსახურა. 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო შეუერთდა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დეკლარაციას, რომელიც  ბლენჰაიმის სასახლეში შეკრებილმა ლიდერებმა მიიღეს.

დისკუსიის დასრულების შემდეგ კობახიძემ განაცხადა, რომ სამიტის დოკუმენტში აისახა ჩანაწერი საქართველოსთან მიმართებით და გამოიკვეთა ქვეყნის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენერგეტიკული დაკავშირებადობის კუთხითა და სატრანზიტო ფუნქციის თვალსაზრისით.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ სამთავრობო მედიის ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის ლიდერებს გაუზიარა გზავნილები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე:

„გვქონდა საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, გაფართოების საკითხებზე, მიმდინარე დღის წესრიგზე. ჩვენ ვუზიარებდით ჩვენს გზავნილებს ყველა ლიდერს, იყვნენ მათ შორის უშუალოდ ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები, ბატონი ბორელი იყო, ბატონი მიშელი და სხვები და მათთან გვქონდა საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით. საერთო შთაბეჭდილება რაც მაქვს, არის ის, რომ როგორც კი ზოგადად, რეგიონში გლობალურად შეიცვლება, დამშვიდდება ვითარება,  მყისიერად შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. მანამდეც დაიწყება ეს პროცესი, თუმცა საბოლოო ჯამში, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში პოლიტიკური ვითარების დამშვიდებაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

კობახიძის თქმითვე, უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვლება:

„პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში დასრულდეს ომი, ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი. რა თქმა უნდა, რეგიონში მშვიდობის დამყარების საკითხი იყო განხილული ამ სამიტზე. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში უკრაინაში ომი დასრულდება, შესაბამისად, დამშვიდდება რეგიონში ვითარება და ეს ყველაფერი დადებითად აისახება ზოგადად, პოლიტიკურ ვითარებაზე ჩვენს რეგიონში და ასევე საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე“, - განუცხადა კობახიძემ სამთავრობო მედიას. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი