რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე გენერალური პროკურატურაში გავლენებს ინარჩუნებს. ხელისუფლების ერთ ერთ საკვანძო თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილი ინიშნება. შოთაძე- ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, რომელიც წლები პროკურორის მოადგილედ მუშაობდა ქართლმა ოცნებამ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ერთხმად დაამტკიცა.
გაბიტაშვილის გაპროკურორება არ ყოფილა მოულოდნელი ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ გაბიტაშვილი ერთადერთი ნიშნით შეარჩია ხელისუფლებამ - შეინარჩუნოს კონტროლი პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ მთავარ საგამოძიებო უწყებაზე.
გაბიტაშვილი და ფარცხალაძე ერთად ჯერ ფინანსურ პოლიციაში მუშაობდნენ, უკვე პროკურატურაში კი, 2013 წლიდან, გაბიტაშვილი ფარცხალაძის მოადგილე იყო.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოთარ ფარცხალაძე გასულ წელს დაასანქცირა, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელსაც ეფესბე ქართულ პოლიტიკაზე გავლენისთვის იყენებდა. ახალი გენპროკურორი ყოფილ უფროსთან მეგობრობას უარყოფს. ამტკიცებს რომ სანქცირებულ პირთან ურთიერთობა დიდი ხანია გაწყვეტილი აქვს და რომ დღეს ფარცხალაძე მასზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. გიორგი გაბიტაშვილს ირწმუნება, რომ კომუნიკაცია ოთარ ფარცხალაძესთან წლებია არ ჰქონია.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სანამ გაბიტაშვილის მოსმენა მიმდინარეობდა, ოცნების დეპუტატები ერთ ხმაში "სამართლიანობის აღდგენის" თემაზე ალაპარაკდნენ. უმრავლესობის წევრები გაბიტაშვილს მინიშნებით ეკითხებოდნენ, გეგმავს თუ არა ახალ რანგში წინა ხელისუფლების დროს, სისტემაში მყოფ პირებზე საქმეების ხელახლა გამოძიებას. გაბიტაშვილმა კონკრეტული პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.