აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი, ბარაკ ობამა მოკავშირეებთან საუბრისას ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჯო ბაიდენის არჩევნებში გამარჯვების შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა. მისივე აზრით, ბაიდენმა სერიოზულად უნდა განიხილოს საკუთარი კანდიდატურის საკითხი, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post ობამას გარემოცვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაიდენი-ტრამპის უკანასკნელი სატელევიზიო დებატების შემდეგ ობამა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს ერთხელ ესაუბრა და სხვებთან საუბრებში ნათლად განმარტავდა, რომ ბაიდენის კანდიდატურის შესახებ გადაწყვეტილება ბაიდენმა თავად უნდა მიიღოს.
მათივე ცნობით, კულისებს მიღმა ობამა აქტიურად განიხილავს ბაიდენის საარჩევნო კამპანიის მომავალს და საკუთარ ხედვებს სხვა დემოკრატებსაც უზიარებს, მათ შორის პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსს.
გამოცემის ინფორმაციით, ობამა ამბობს, რომ გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენი პოზიციებს კარგავს, ამის პარალელურად დონალდ ტრამპის ელექტორატი იზრდება, დონორები კი მოქმედ პრეზიდენტს ტოვებენ.