იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მზად არიან გარკვეული საკითხები შეისწავლონ და სექტემბერში უკვე შეჯერებული პოზიციები ჰქონდეთ.
"თუკი ვინმემ იცის პოლიტიკურად და პოლიტიკურმა გუნდმა, რას ნიშნავს იზრუნო პატიმარზე, ეს არის "ქართული ოცნება". ამიტომ, ჩვენ არ გვჭირდება დამატებითი მოწოდებები, გვესმის ყველასი. მე არაერთი წერილი შემომდის, პარლამენტის თავმჯდომარეს, ჩვენ კოლეგებს, ჩვენ ამ წერილებს ვეცნობით, თუმცა ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მთელი რიგი კრიტერიუმებით", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა.
"გირჩის" დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა თქვა, რომ ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე დაკავებულ აქტივისტებსაც უნდა შეეხოთ. დეპუტატი იაგო ხვიჩიაც ითხოვს, რომ ამნისტია მეტ მუხლს შეეხოს.
"ბევრი მუხლია ჩამოწერილი, რომლებზეც არ ვრცელდება, მათ შორის საზღვრის უკანონო გადაკვეთა, რომელიც გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოა აქ მოხვედრილი, თორემ სხვანაირად არ მოხვდებოდა", - თქვა ხვიჩიამ.
დღესვე "ამნისტიის შესახებ" პროექტს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღებს. მეორე და მესამე მოსმენაზე ის საშემოდგომო სესიაზე გავა.
ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულებს შეეხება და "სისხლის სამართლის კოდექსის" 66 მუხლს მოიცავს. გარდა ამისა 1/6-ით შემცირება 225 მუხლს შეეხება.