82 მომხრე, 0 წინააღმდეგ - პარლამენტმა პირველი მოსმენით ამნისტიის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რიგგარეშე სესიაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა.
პარალელურად, პატიმრების ოჯახის წევრები აქციას მართავდნენ თბილისსა და ქუთაისში. ისინი ითხოვენ გაფართოვდეს მუხლების რაოდენობა, რომელსაც ამნისტია შეეხება.
საპარლამენტო განხილვაში ჩართული იყო "გირჩიც", რომელსაც მანამდე თავადაც ჰქონდა ამნისტიაზე კანონპროექტი ინიცირებული, თუმცა "ოცნება" საკუთარი ვერსია გაიტანა. პარტიის წევრებიც ფიქრობენ, რომ მუხლების ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს. ოპოზციის უმრავლესობა პროცესში არ მონაწილეობს, ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ჰუმანურ აქტს წინასაარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს.
ამნისტია შეეხება 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
"[პროექტი] 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი - 1 000 პატიმარს. სასჯელის 1/6 -ით შემცირება და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის შემცირება მნიშვნელოვანი სიახლეა. დღეს ჩვენ 22 000 პრობაციონერი გვყავს და აქედან ამნისტია დაუყოვნებლივ 7 000 პრობაციონერს შეეხება, ანუ საუბარია ერთი წლით გამოსაცდელი საპატიმრო ვადის მოკლებაზე", - განაცხადა მომხსენებელმა.
მეორე და მესამე მოსმენაზე კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე გავა.