სვერდლოვსკის რაიონულმა სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს ჯაშუშობის ბრალდებით 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. პროკურატურა მისთვის უფრო დიდ სასჯელს - 18 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია წერს.
გერშკოვიჩი დააკავეს 2023 წლის მარტში ეკატერინბურგში, სადაც მივლინებით იმყოფებოდა WSJ-ის რედაქციის სახელით. სასამართლო პროცესის მოლოდინში ჟურნალისტმა 15 თვე გაატარა მოსკოვის ლეფორტოვოს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
სასამართლომ 32 წლის გერშკოვიჩის საქმის განხილვა 26 ივნისს დაიწყო. ვინაიდან ჟურნალისტს ჯაშუშობის ბრალდებით ასამართლებენ, სასამართლო სხდომები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
პროკურატურის თქმით, გერშკოვიჩმა "აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მითითებით 2023 წლის მარტში შეაგროვა საიდუმლო ინფორმაცია სვერდლოვსკის რეგიონში თავდაცვის საწარმოს „ურალვაგონზავოდის“ საქმიანობის შესახებ."
ФСБ-ს განცხადებით, ჟურნალისტი დააკავეს "საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას", ხოლო რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ჟურნალისტი "მასალებით ხელში დაიჭირეს".
გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ მისი საქმიანობა წმინდა ჟურნალისტური იყო. ბრალდებებს არ ეთანხმებიან WSJ-ის რედაქტორებიც და საქმეს ფიქტიურს უწოდებენ. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გერშკოვიჩი არასდროს უმუშავია სახელმწიფოსთვის. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რეპორტიორის დაკავებას "სრულიად უკანონო" უწოდა.
გერშკოვიჩი გახდა პირველი ამერიკელი ჟურნალისტი თანამედროვე რუსეთის ისტორიაში, რომელსაც დაადანაშაულეს ჯაშუშობაში. მისი სახელი რეგულარულად მოიხსენიება რუსეთში დაპატიმრებული ან მსჯავრდებული უცხოელების შესაძლო გაცვლის კონტექსტში.
BBC წერს, რომ მოსკოვისთვის პოტენციური გაცვლის მთავარი კანდიდატია ვადიმ კრასიკოვი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლად ითვლება. ის გერმანიაში სამუდამო პატიმრობას იხდის ბერლინში ჩეჩენი ყოფილი საველე მეთაურის ხანგოშვილის მკვლელობისთვის.