შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახლადრეაბილიტირებულ ფლიგელში წყალი ჩამოვიდა. შედეგად დაზიანებულია თანამედროვე ფერწერის კოლექციაში დაცული რამდენიმე ტილო.
ამ ფლიგელის რეაბილიტაცია 18 მაისს დასრულდა, მუზეუმი კი თეა წულუკიანმა გახსნა, კოლექციის ნაწილიც ისტორიულ შენობაში დაბრუნდა. თუმცა 11 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საცავში წყალი ჩავიდა და მთელი ერთი თვის განმავლობაში კულტურის სამინისტრო და მუზეუმის ხელმძღვანელობა მომხდარს მალავდა.
ხელოვნებათმცოდნეები ითხოვენ , მუზეუმმა მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია, რა სახის ტილოებია დაზიანებული და რამდენი და შედგა თუ არა შესაბამისი ოქმები თუმცა ამ დრომდე მათ პასუხი არ მიუღიათ.
გაიგზავნა სადეპუტატო კითხვებიც როგორც ხელოვნების მუზეუმში, ისე კულტურის სამინისტროში, თუმცა უშედეგოდ.
ფონდის ხელმძღვანელი "მთავარ არხს" უყვება რომ წყალი საპირფარეშოდან ჩამოვიდა, თუმცა საკითხავია, რატომ დაირღვა მუზეუმების დაგეგმარების მთავარი პრინციპი, რომ სველი წერტილები შეხებაში არ იყოს კოლექციებთან. ამასთან, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაზიანებული ნამუშევრები უკვე რესტავრირებულია.
ხელოვნების მუზეუმის დირექტორის მოადგილე წყლის გაჟონვას ადასტურებს, თუმცა უარყოფს ფერწერული ტილოების დაზიანებას:
არ დაზიანდა, ეს არის გალერიის ფონდი. როგორც ვიცით, წყალმა გაჟონა, დასველდა კედელი და ჩამოვიდა წყალი. საპირფარეშოში წყალი რომ მოდის, ი წყალმა გაჟონა...სად ნახეთ, რომ ნახატები ჩამორეცხა? მე ვიცი, რომ არა. გალერიას მიაკითხეთ" ამბობს "მთავართან" გია მარსაგიშვილი.
მარსაგიშვილისგან განსხვავებით, ნახატების დაზიანებას ადასტურებს ხელოვნების მუზეუმის რესტავრაციისა და კონსერვაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც მისივე თქმით, რესტავრაციის პროცესებს უწევს მენეჯმენტს, თუმცა თავად არ მონაწილეობს. "მთავარის" შეკითხვებმა მისი გაღიზიანებაც გამოიწვია
"ფერწერული ტილო რამდენიმე ოდნავ დასველდა, დაჭირდა მსუბუქი რესტავრაცია, რომელიც უკვე დამთავრებულია და დაუბრუნდა თავის აუთენტურ მდგომარეობას და მალე გადაეცემა იმ ფონდებს, რომელსაც ეკუთვნის ...მე არ ვაკეთებ უშუალოდ რესტავრაცია, მენეჯმენტს ვუწევ პროცესებს, რაც არის დაკავშირებული რესტავრაციასთან." ამბობს მაგდა გურული და ამტკიცებს, რომ რესტავრაცია ჩატარებულია "ძალიან კარგად".