"ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის შესახებ სადაო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ამნისტია თავისი შინაარსით ჰუმანური აქტია და რა სახითაც არ უნდა მიიღოს პარლამენტმა ის და ვისაც არ უნდა შეეხოს, მაინც დადებითი გადაწყვეტილებაა. თუმცა კანონპროექტის გამოქვეყნების პირველივე დღიდან მას პატიმრები და მათი ოჯახის წევრები აპროტესტებენ, თან ისე რომ ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობასაც კი მიმართა.
თბილისს და ქუთაისში გაიმართა აქციაც. მოთხოვნა იმ მუხლების გაფართოებაა, რომლებსაც ამნისტია შეეხება. ევროპის საბჭოს 2024 წლის ანგარიშის თანახმად, ციხეებში პატიმართა რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზე რჩება.
ციხეებს, სავარაუდოდ, ვერ დატოვებენ ის ადამიანები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დააკავეს. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ამნისტიას წინასაარჩევნოდ, ხმების მობილიზებისთვის გამოიყენებს.
19 ივლისს, იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტის განხილვისას, კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული მუხლების გაფართოებაზე „ფიქრი შესაძლებელია“, თუმცა არც „ჭარბი მოლოდინები“ უნდა შეიქმნას.
ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას, აქცენტი არა მასში შესული მუხლების რაოდენობაზე, არამედ კანონპროექტის იმ მუხლებზე უნდა გაკეთდეს, რომლებსაც ის ე.წ. მკვდარ მუხლებს უწოდებს. მისი განმარტებით, კანონპროექტი თითქოს ბევრ მუხლს მოიცავს, მაგრამ მოიცავს ისეთი ტიპის მუხლებს, რომლითაც მსჯავრდებულების 70% არც იხდის სასჯელს“.
ამნისტიის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე, სექტემბრიდან უნდა განახლდეს. რა პოზიცია აქვთ მხარეებს, ნახავთ სიუჟეტში.
ავტორი: დავით კობიძე.