თბილისის საქალაქო სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატები გამოიძახეს და პროცესი სავარაუდოდ, 18 საათიდან განახლდება. ბრალდებულებისთვის დანიშნულმა ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ მოსამართლეს განუმარტა, რომ მასალების გაცნობა დაიწყო, თუმცა, მისი მოცემულობიდან გამომდინარე სრულად გაცნობა ვერ მოახერხა, რისთვისაც მან მოსამართლეს 1 საათი სთხოვა.
საზოგადოებრივი ადვოკატების გამოძახების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მას მერე მიიღო რაც მის კატეგორიულ უარს დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით, პროტესტი მოყვა და სხდომათა დარბაზი დატოვეს ადვოკატებმაც და დაკავებულების ახლობლებმაც.
იქამდე კი ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გუჯა ავსაჯანიშვილმა მოსამართლეს მიმართა, რომ სახაზინო ადვოკატს საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ორდერი წარედგინა, რაც მოსამართლემ ვერ წარადგინა. შესაბამისად, ადვოკატის თქმით, სახაზინო ადვოკატს საქმის მასალები პროცესუალური დარღვევით გადაეცა.
"სასამართლო პროცესზე, ადვოკატი რომელიც იმყოფებოდა, მოსამართლისთვის არ ჰქონდა ორდერი წარდგენილი. მოსამართლეს ვთხოვე ენახებინა ჩემთვის სახაზინო ადვოკატის ორდერი და მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატს ორდერი და მოწმობა არ ჰქონდა წარდგენილი, მოსამართლემ მიიჩნია აღნიშნული პიროვნება ადვოკატად, რაც არის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა და შუამდგომლობაც კი დააყენებინა. ეს პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლო მიკერძოებულია" ამბობს ავსაჯანიშვილი.
რაც შეეხება ბრალდებულების ადგილსამყოფელს. ადვოკატებისთვის ამ დროისათვის უცნობია, სად იმყოფებიან ისინი და არ გამორიცხავენ, რომ სასამართლო პროცესის შეწყვეტის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ივანიშვილის პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.