აბასთუმანი – ბიძინა ივანიშვილის პირადი კურორტი | "აი, ფაქტის" ჟურნალისტური გამოძიება

გამოქვეყნდა:

როგორ იქცა აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილის პირად კურორტად და როგორ აწყობს ოლიგარქი ამ უნიკალურ ადგილს თავისი გემოვნებით, ბიუჯეტის ხარჯზე - "აი, ფაქტმა" ამ თემაზე ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ ოლიგარქი კურორტით ჯერ კიდევ 2018 წელს დაინტერესდა და მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური თანამდებობა უკვე აღარ ეკავა, მთავრობას დაავალა, შეექმნა საკურორტო ზონის განვითარების გენერალური გეგმა, რაც მალევე მომზადდა და პანდემიის დროს, საგანგებო მდგომარეობისას დაამტკიცეს. 

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე ბიუჯეტიდან დღემდე 263 მილიონი ლარია დახარჯული. ამაზე ადგილობრივებმა ცოტა თუ იციან და მიმდინარე სამუშაოებს ხშირად ივანიშვილის ქველმოქმედებას მიაწერენ. 

"აი ფაქტი" წერს, რომ 2018 წლიდან დღემდე ივანიშვილთან დაკავშირებულმა ხუთმა კომპანიამ სახელმწიფოსგან 4.2 ჰა მიწა შეიძინა. ეს მაშინ, როცა აბასთუმანში მიწის თავისუფალი ნაკვეთი, თითქმის, აღარაა დარჩენილი. 

ამ მიწების ნაწილზე ივანიშვილმა თავისი სასახლე ააშენა, ნაწილზე კი ორი სასტუმრო დღემდე შენდება. 

2018 წლის 30 აგვისტოს შპს “ემერალდი” ირაკლი კაცაძემ დააფუძნა და 24 სექტემბერს 100 ლარად “ქართუ ჯგუფს” მიჰყიდა. კომპანიის გაყიდვამდე კაცაძემ მოასწრო, რომ სახელმწიფოსგან აუქციონის გზით შეესყიდა 3 128 კვ.მ. მიწა აბასთუმანში. ნაკვეთში მან 257 000 ლარი ანუ 1 კვ.მ.-ში საშუალოდ 82 ლარი გადაიხადა. 

2020 წელს ამ ტერიტორიაზე კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ააშენა. ბინები იმ ოჯახებს გადასცეს, რომელთაც ივანიშვილის პროექტების გამო საკუთარი სახლებიდან გამოსვლა მოუწიათ.

ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებულმა კიდევ ერთმა კომპანიამ, შპს “ცისარტყელამ” 2018-2020 წლებში სახელმწიფოსგან 7 836 კვ.მ. მიწა 820 500 ლარად შეიძინა. საშუალოდ, 1 კვ.მ. მიწაში 104 ლარი მისცეს. 

შპს “ცისარტყელამ” სახელმწიფოსგან ნაყიდი მიწა მის საკუთრებაში არსებულ სხვა ნაკვეთებს მიუერთა და ახლა ამ ტერიტორიაზე (18 545 კვ.მ. მიწაზე) ივანიშვილის დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი სასტუმრო “პარაგრაფს” აშენებს.

აბასთუმანში ივანიშვილის სასტუმრო საბოლოოდ 150-ნომრიანი იქნება აუზით, რესტორნით, საკონფერენციო დარბაზით. იქვე იქნება სპა და ტერასა 360-გრადუსიანი ხედით. ადგილობრივებმა ჯერ არ იციან, როდის დაიწყებს ეს სასტუმრო ფუნქციონირებას. თანაინვესტირების ფონდის საიტზე პროექტის სტატუსი ჯერ კიდევ მიმდინარეა და მასზე 60 მილიონი დოლარი იხარჯება. 

ივანიშვილის სახელთანაა დაკავშირებული კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა, რომლისთვის საჭირო მიწები 2019 წელს შეიძინეს.

შპს “სანაპიროს ხედმა” 2019 წლის მარტში 23 585 კვ.მ. მიწა სახელმწიფოსგან 3 540 000 ლარად შეიძინა, ანუ კვადრატულ მეტრში 151 ლარი მისცა. 

2019 წლის ოქტომბერში ამავე კომპანიამ შეიძინა 1 751 კვ.მ. მიწა ფალიაშვილის ქუჩაზე. ამჯერად 1 კვ.მ. მიწის შეძენა მხოლოდ 42 ლარი დაუჯდათ, ჯამში, 72 000 ლარი. ამ ტერიტორიაზე წარსულში საბჭოთა დროს აშენებული, ამორტიზებული სანატორიუმი “ზეკარი” იდგა, რომელიც ტუბერკულოზით დაავადებულებს მკურნალობდა. სანატორიუმის შენობა დაანგრიეს და მის სანაცვლოდ “ქართუ ჯგუფმა” ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი სოფელ აბასთუმანში ააშენა. 

ვრცლად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი