
"საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა NATO-საქართველოს ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იყო," - ასე აფასებს NATO-ს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, როუზ გიოტ-მიოლერი "ქართული ოცნების" პოლიტიკას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში.
"აშშ-ის მთავრობა ძლიერ შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და განიხილავს საქართველოსთან მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობების მიტოვების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ეს გადამწყვეტი მომენტია და ქართველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურონ მათი მტკიცე მისწრაფება დაუახლოვდნენ არა მხოლოდ ამერიკას, ასევე სხვა ქვეყნებს დასავლეთ ევროპაში. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული რიტორიკა NATO-საქართველოს ურთიერთობებისთვის დამანგრეველი იყო. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს რა იქნება მისი მომავალი რეალობა," - ამბობს როუზ გიოტ-მიოლერი.
ხელისუფლების ნაბიჯებსა და რუსული კანონის მიღებაზე ისაუბრა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმაც, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები არასწორი, სამწუხარო და საზიანო იყო.
"საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება არასწორი იყო, სამწუხარო და საზიანო. მიმაჩნია, რომ როდესაც მეგობრებს შორის უთანხმოებაა უმჯობესია ეს უთანხმოება არასაჯარო იყოს. იმედი მაქვს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს და ეს საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს. გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ადგილი არ შეიძლება იყოს სხვაგან, გარდა NATO-სა და დასავლური სამყაროსი. ეს არის საქართველოს რეალობა, ეს საქართველოს რეალობაა. 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირში ყოფნის სამწუხარო გარემოებამ ქართველი ხალხი ამისგან არ უნდა დააშოროს. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რუსულმა კავშირებმა საქართველოში, სომხეთსა, თუ აზერბაიჯანში კავკასიის რომელიმე ქვეყანა მათი არა საბჭოთა კავშირში, მაგრამ რუსეთის იმპერიაში დაბრუნება გამოიწვიოს. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრობლემები არის, ეს ეჭვგარეშეა, მაგრამ მე ამ პრობლემების დახურულ კარს მიღმა გადაწყვეტას ვამჯობინებდი," - განაცხადა ბოლტონმა.