"პუტინი მკვლელია, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული" | ზელენსკი ომის ცხელი ფაზის წლის ბოლომდე დასრულებას არ გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

პუტინი მკვლელია, მაგრამ არა ემოციური, არამედ პრაგმატული -  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, პუტინს ძალიან უყვარს ძალაუფლება, რაც გასაგებია, მაგრამ დღევანდელ მსოფლიოში ის არც თუ ისე ჭკვიანურად გამოიყურება.

„მკვლელებზე ვსაუბრობთ. ისინი განსხვავებულები არიან. არიან მასობრივი მკვლელები, არიან ისეთებიც, რომლებიც ემოციურები არიან. და არიან ძალიან პრაგმატულები. მე ვიტყოდი, რომ ის არის პრაგმატული მკვლელი. ანუ ის გასცემს ბრძანებებს, მაგრამ ეს მას პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს“, - ამბობს ზელენსკი.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის ცხელი ფაზა შესაძლოა მიმდინარე წელს, ოკუპირებული ტერიტორიების „დიპლომატიური გზით“ დაბრუნებით დასრულდეს. როგორც ზელენსკიმ ამავე ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინა ამზადებს შესაბამის გეგმას, რომელსაც შესთავაზებს რუსეთს:

„თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანები და მივყვებით, მაგალითად, სამშვიდობო სამიტის ფორმატს, შეგვიძლია დავასრულოთ ომის ცხელი ეტაპი, შეგვიძლია ვცადოთ ეს მიმდინარე წლის ბოლომდე, გეგმა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება. (...) მაგრამ ეს გეგმა უნდა იყოს შეთანხმებული პარტნიორებთან, რათა არავინ ითამაშოს ომის დასრულებაზე თავისი ინიციატივებით და შემდეგ პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც განახორციელებენ ზეწოლას რუსეთზე, რათა რუსეთი დათანხმდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე და იფიქროს ომის დასრულებაზე" - ამბობს პრეზიდენტი

ზელენსკიმ არ გამორიცხა უშუალოდ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაც:

„მეორე სამშვიდობო სამიტზე, თუ გეგმა სრულად იქნება მომზადებული და თუ რუსეთი მზად იქნება ისაუბროს ამ გეგმის მიხედვით და დათანხმდეს ომის დასრულებას გაერო-ს წესდების შესაბამისად, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ რუსეთის წარმომადგენლებთან და ეს იქნება პუტინი თუ არ იქნება პუტინი - რა განსხვავებაა? ჩვენ დაველაპარაკებით მათ, ვინც რუსეთში ყველაფერს წყვეტს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამავე ინტერვიუში ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინა ცდილობს გადაარჩინოს თავისი მოქალაქეები, მაგრამ ეს არ ნიშნავს მის მზადყოფნას, თავისი ტერიტორიის მესამედი აგრესორს დაუთმოს და რომ აგრესორთან კონფლიქტის გაყინვა ომიდან კარგი გამოსავალი არ არის.

„ჩვენთვის, წაგება ნიშნავს ჩვენი ქვეყნის დაკარგვას. ვიღაც ამბობს: „რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი - ტერიტორია თუ ხალხი?" როგორ შეიძლება ასე შედარება? ხალხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია მათ ჩვენი მიწის 30% ვაჩუქოთ...ვინ გითხრა რომ უფრო შორს არ წავლენ? ვინ თქვა, რომ გაყინული კონფლიქტი იმუშავებს? ის უკვე გაყინული იყო. ვინ თქვა, რომ პუტინს არ სურს ჩვენი განადგურება? მას სურს ეს. მას სურს, რომ საბჭოთა კავშირი კვლავ დაბრუნდეს“, - ამბობს ზელენსკი.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი