დაღესტნის სპორტის ყოფილი მინისტრი ჭრილობებით, იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

დაღესტნის სპორტის ყოფილი მინისტრი მაგომედ მაგომედოვი ჭრილობებით მოსკოვის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან, საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსული მედია წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ 67 წლის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა სცადა. დილით ის დაცვამ საკანში იპოვა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მაგომედოვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მაგომედოვი დაღესტნის სპორტის მინისტრის თანამდებობას 2012 - 2021 წლებში იკავებდა. იქამდე კი იყო ადგილობრივი პარლამენტის წევრი, რის შემდეგაც მაჰაჩყალას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ კიზილიურტის მერის თანამდებობას იკავებდა.

ის ოქტომბერში მოსკოვიდან დაღესტანში ჩასულმა FSB-ის სპეცრაზმმა დააკავა. ბრალად ედება კორუფციული დანაშაული.

მაგომედოვის მოკვლა წარსულში ორჯერ სცადეს. 2005 წელს მანქანით გადაადგილების დროს ესროლეს, რის შედეგადაც მისი ძმისშვილი დაიღუპა. 2011 წელს კი მისი ავტოკოლონით გადაადგილებისას გზაზე მანქანა ააფეთქეს, რის შედეგადაც დაიღუპა 8 ადამიანი, მათ შორის 11 წლის ბავშვი და პოლიციელი.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი