საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. ორგანიზაცია "ემგიდის" პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
როგორც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ პრეზენტაციისას განაცხადა, მიზანი არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა დამატებით 200 ათასმა ემიგრანტმა მიიღოს. მისი თქმით, შეიქმნა სპეციალური საიტი, რომელიც ემიგრანტებს არჩევნებისთვის საკონსულო აღრიცხვაში დაეხმარება და ასევე საჭიროების შემთხვევაში ემგიდი ორგანიზებას გაუწევს მათ საარჩევნო უბნებზე ტრანსპორტირებასაც.
"წლების განმავლობაში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური თუ პოლიტიკური მძიმე ვითარების გამო, საქართველოდან ძალიან ბევრ მოქალაქეს მოუწია წასვლა. მე არ მეგულება ადამიანი, რომლის მეგობარი, ან ოჯახის წევრი არ იმყოფება საზღვარგარეთ. სამწუხაროდ ეს ტენდენცია გრძელდება და მათი რაოდენობა უკვე მილიონს აღწევს. პირადად ჩემი ოჯახის 9 წევრია ემიგრაციაში. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტების როლი ძალიან დიდია ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მათ ტიტანურ შრომაზე დგას, რიგი მიზეზების, მათ შორის ხელოვნურად შექმნილი ბარიერების გამო, მათ არ ეძლევათ არჩევნებში, ქვეყნის მართვაში მონაწილეობის საშუალება.
ჩვენმა გუნდმა გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა პლატფორმა emguide.ge, რომელიც ჩვენი ემიგრანტებისთვის იქნება გზამკვლევი 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ეს პლატფორმა, არც პირდაპირ და არც ირიბად, არ იქნება არცერთი პარტიის კუთვნილება. ჩვენი ერთადერთი ამოცანა იქნება, რომ ემიგრანტები დარეგისტრირდნენ საკონსულო აღრიცხვაზე რათა შეძლონ 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა. შემდეგ კი ვისაც საჭიროება ექნება მოხდება საარჩევნო უბნებზე მათი ტრანსპორტირების ორგანიზება," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.
ბაჩანა შენგელიას თქმით, საიტს ძლიერად დაცული სერვერი აქვს და ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ საიტზე რეგისტრაცია არ იწვევს არცერთი ემიგრანტის მიმართ რაიმე სამართლებრივ შედეგებს იმ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურში, სადაც იმ ეტაპზე იმყოფება.
"საიტი არის უმარტივესი ფორმის, შეიცავს მხოლოდ ერთ გვერდს და არის შესავსები ძალიან მარტივი ფორმა. შემდეგ საჭიროა დათანხმება პერსონალური ინფორმაციის დაცვის სტანდარტებზე, რომელიც არის ევროკავშირისა და ამერიკის სტანდარტების შესაბამისი. ამის შემდეგ იგზავნება ჩვენთან და ჩვენ ამის საფუძველზე ვარეგისტრირებთ საკონსულო აღრიცხვაზე.
უნდა აღვნიშნო, რომ ეს საიტი და მისი სერვერი არის ყველაზე დაცული. მე, როგორც იურისტს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ აქ რეგისტრაცია არ იწვევს არცერთი ემიგრანტის მიმართ რაიმე სამართლებრივ შედეგებს იმ ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურში. არცერთ ოფიციალურ ორგანოს არ აქვს უფლება და შეუძლებელია კონსტიტუციით და საქართველოს კანონმდებლობით, რომ ეს მონაცემი გადაეცეს სხვა ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურს, ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული.
ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე მონაწილეობა მიიღოს დამატებით 200 ათასმა ემიგრანტმა."- განაცხადა შენგელიამ.
როგორც მან განმარტა, პლატფორმის სახელწოდება კოვიდის დროს შექმნილი "მედგიდის" მსგავსია, რომლის დამფუძნებელი სოფო ჯაფარიძე "ემგიდის" ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა.