პარლამენტის უფუნქციოდ დარჩენილი შენობის ეზოში ახლა ცხენები ბალახობენ. ქალაქმა საპარლამენტო დედაქალაქის სტატუსთან ერთად, ფუნქციაც დაკარგა და როგორც ადგილობრივები ამბობენ ყველაფერი გაჩერდა.
შენობას, რომლის მშენებლობაც 2009-2012 წლებში 330 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა ხელისუფლება ფუნქციას ვერ უძებნის.
პრემიერი სამი თვის წინ ქუთაისელებს დაპირდა, რომ ამ შენობაში საპოლიციო ჰაბის გადმოტანა განიხილება. ეს დაპირება ქალაქის მოსახლეობამ წლის დასაწყისშიც მოისმინა, თუმცა ამ დრომდე ქალაქის ამ ნაწილში ანტისანიტარიაა და საკანონმდებლო ორგანოს ეზო საძოვრად არის ქცეული.
პარლამენტის თბილისში გადატანამ, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა საჯარო სამთავრობო დაწესებულებების შენობების დაბოქლომებამ ადგილობრივი ბიზნესიც გააკოტრა, გაჩერებულია კაფე-ბარები და რესტორნები.
ქუთაისისთვის საპარლამენტო და ადმინისტრაციული ქალაქის სტატუსის დასაბრუნებლად ოპოზიციამ კანონპროექტი უკვე მოამზადა. გაერთიანებული ოპოზიციის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს იქნება.
პირველი სხდომა ქუთაისში საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა, სადაც უმრავლესობაში უკვე ქართული ოცნება იყო, 2012 წელს გამართა.
ორი წლის შემდეგ კი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, თბილისში პარლამენტის შენობის რემონტი დაიწყო და მის მოწყობაზე 23 მილიონ ლარამდე დახარჯა.
2018 წელს საპარლამენტო ცხოვრება თბილისში დაბრუნდა.