თბილისის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა ლუკა კინწურაშვილს, რომელიც პოლიციას უკანონო დაკავებასა და ძალადობაში ადანაშაულებს.
პოლიცია კი 30 წლის ახალგაზრდას სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. კინწურაშვილი ამ ნაწილში გაამართლეს, თუმცა დარღვევა დაადგინეს პოლიციელის შეურაცხყოფის გამო.
როგორც კინწურაშვილი ამბობს, სამართალდამცავებმა განსხვავებული ჩვენებები მისცეს და დროში სრულიად აცდენილები იყვნენ.
ორი ადამიანი იყო დაკითხვაზე, რომლებმაც ერთმანეთისგან ცოტათი განსხვავებული ჩვენებები მისცეს და დროში იყვნენ სრულიად აცდენილები. ერთ ადამიანი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი სამი წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო მეორე ამბობდა, რომ 20 წუთამდე გრძელდებოდა ეს ყველაფერი. მოსამართლის გადაწყვეტილებას ვცემ პატივს და ვეთანხმები ყველაფერში.
ეს პოლიციელები იტყუებოდნენ ამ ეტაპზეც, რომ თითქოს მე გადავადგილდებოდი და არ წარვუდგინე ID ბარათი. ეს იყო სრული სიცრუე და თავადვე აიხლართნენ თავიანთ ტყუილებში იმიტომ, რომ არ არის მარტივი მცდარი ინფორმაციის დამახსოვრება, თუმცა მე დეტალურად ყველა დეტალი მახსოვს იმიტომ, რომ მე არ მჭირდება არაფრის მოტყუება და სიმართლე არის ძალიან მარტივი დასამახსოვრებელი და ისინი აიხლართნენ საკუთარ ტყუილებში რასაც მოსამართლე მარტივად და ძალიან მალე მიუხვდა მათ" - თქვა ლუკა კინწურაშვილმა სასამართლოს დასრულების შემდეგ.
საქმეზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გაგრძელდება, სადაც კინწურაშვილმა ჩვენება უკვე მისცა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მუხიანის ტერიტორიაზე, 9 ივლისს მოხდა, კინწურაშვილი პოლიციელებმა გააჩერეს, როგორც ის ყვება, უხეშად ესაუბრებოდნენ, რის გამოც მან ვიდეოს გადაღება გადაწყვიტა, რასაც სამართალდამცავების გაღიზიანება მოჰყვა. კინწურაშვილს ამის შემდეგ
წაართვეს ტელეფონი და მალევე დააკავეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. განყოფილებაში მას უთხრეს, რომ თუ ვიდეოს, რომელზეც ასახული იყო პოლიციელების უხეში დამოკიდებულება და დაცინვა, წაშლიდა, მალევე გაუშვებდნენ, თუმცა აღნიშნული ტყუილი აღმოჩნდა. კინწურაშვილმა დროებითი მოთავსების იზოლატორში ორი დღე გაატარა.