
ჯო ბაიდენის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. თეთრი სახლის ლიდერი საპრეზიდენტო ბრძოლას ეთიშება. არჩევნებამდე 4 თვით ადრე, დემოკრატები პრეზიდენტობის კანდიდატის გარეშე არიან და ამ დრომდე არ არის მიღებული გადაწყვეტილება ვის დაუპირისპირებს პარტია დონალდ ტრამპს.
თავად ჯო ბაიდენმა ღიად დაუჭირა მხარი ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც ამ ეტაპისთვის ტრამპის ყველაზე რეალურ მეტოქედ მოიაზრება.
კამალა ჰარისის კანდიდატურაზე დემოკრატების დიდი ნაწილი თანხმდება. ვიცე პრეზიდენტმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. მან მხარდაჭერა პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისგანაც მიიღო. ჰარისს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა, რომელიც თავად განიხილებოდა პოტენციურ პრეტენდენტად. ვიცე პრეზიდენტს მხარდაჭერა აქვს დემოკრატი სენატორების მხრიდანაც.
კანდიდატურის მოხსნამდე ჯო ბაიდენს გუნდის 90%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა რაც პრაიმერიზზე გამოჩნდა. ახალი პრაიმერიზის ჩატარებისთვის დრო არ რჩება, თუმცა შესაძლებელია მინი-პრაიმერიზის ჩატარება, რაზეც დემოკრატების ნაწილი საუბრობდა.
ამისთვის საჭირო იქნება პარტიის კომიტეტმა კენჭი უყაროს ცვლილებებს და შეთანხმდეს ახალ პროცედურებზე, დებატების ფორმატსა და დროზე. კანდიდატად რეგისტრირებისთვის საჭირო იქნება დელეგატების ხელმოწერის შეგროვებაც.
არსებობს ღია წესით შერჩევის გზაც. ეს მაშინ ხდება, როდესაც პარტიას არ ჰყავს გამოკვეთილი კანდიდატი, რადგან არც ერთ მათგანს არ აქვს დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა. თუმცა ღია კონვენცია გაცილებით უფრო რთული და პრობლემურია, რადგან პარტიის შიგნით უთანხმოებას მეტად აღრმავებს. ასეთი პრეცედენტი დემოკრატებს უკვე ჰქონდათ. 1968 წელს ყრილობამ საპროტესტო აქციებისა და მასობრივი სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
.
ავტორი: ზურა პეტროსიანი