
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბუდაპეშტის ნაცვლად ბრიუსელში გაიმართება. ბორელის თქმით, ეს არის რეაქცია უნგრეთის პრემიერის, ვიქტორ ორბანის პოზიციაზე უკრაინასთან დაკავშირებით.
"ჩვენ უნდა გავგზავნოთ სიგნალი, თუნდაც სიმბოლური, რომ თუ თქვენ ეწინააღმდეგებით ევროკავშირის ძირითად პოლიტიკას და უარყოფთ ევროკავშირის პოლიტიკას და უწოდებთ მას ომის მხარეს, ამას გარკვეული შედეგები უნდა მოჰყვეს, თუნდაც ეს იყოს ფორმალური, სიმბოლური შედეგები. არაფერი განსაკუთრებული არ იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, მიზანშეწონილია ამ დამოკიდებულების დემონსტრირება და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების შემდეგი შეხვედრის ჩატარება ბრიუსელში“, - თქვა ბორელმა.
შეგახსენებთ, როტაციის პრინციპით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ამჟამად უნგრეთია.