"სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი" | როგორ აფასებს ოპოზიცია წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებას

გამოქვეყნდა:

სასამართლოს მიერ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერებას ოპოზიცია აფასებს. 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პრეზიდენტის განკარგულების მოქმედება დროებით შეაჩერა.

ოპოზიციური  გაერთიანება "კოალიცია ცვლილებისთვის" მიიჩნევს რომ სასამართლო კლანმა მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებამოსილება.

"საქალაქო სასამართლომ, გუშინ და გამოდის, რომ კლანმაც, რომელიც სასამართლოშია გაბატონებული დაარღვია კონსტიტუცია, გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ფაქტობრივად, მიითვისა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილება. მას არ ჰქონდა საერთოდ კომპეტენცია ემსჯელა საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებაზე, რამეთუ განკარგულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რომლის განხილვის კომპეტენციაც აქვს საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმის განმხილველ მოსამართლეს," - განაცხადა პარტია "ახალის" წევრმა, მაია კოპალეიშვილმა.

პარტია "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული დისკრეციული უფლებამოსილება გააუქმა.

"გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ ჩაიდინა სამართლებრივი აბსურდი გააუქმა საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული დისკრეციული უფლებამოსილება. ვერ იპოვით ამ ქვეყანაში ერთ კვალიფიციურ იურისტს მაინც, ვინც იტყვის, რომ ეს უფლებამოსილება სასამართლოს ჰქონდა. სასამართლომ გუშინ გააუქმა ამ ქვეყნის კონსტიტუცია და რატომ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ კლანი იყოს კომფორტში და საზოგადოების თვალი და ყური არ შევიდეს სასამართლო სისტემაში და არ მოგაწოდოთ თქვენ, საზოგადოებას, ამ ქვეყნის მოქალაქეებს ინფორმაცია იმის შესახებ რა უსამართლობები და რა დანაშაულები ხდება სასამართლო სისტემაში," - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 

"ერთიანობის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ოცნებამ" კონსტიტუცია უგულებელყო:

"ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს "ქართული ოცნება" კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში. ამიტომ, არ არსებობს დღეს, სამწუხაროდ, აღარც კონსტიტუცია, აღარც კანონი," - ამბობს ვაშაძე. 

პარტია "საქართველოსთვის" წევრის ანა ბუჩუკურის თქმით, სასამართლო კლანი საკუთარ თავს იცავს:

"მურუსიძე, ჩინჩალაძე და ეს ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებიც კორუფციის ბრალდებით არიან სანქცირებული ჩვენი საერთაშორისო, მთავარი სტრატეგიული მოკავშირის და პარტნიორის მხრიდან. კორუფციის ბრალდებით. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც გადაეფარა კობახიძით დაწყებული მთელი ეს 84 დეპუტატი, როდესაც ჩვენ ვითხოვდით საგამოძიებო კომისიის შექმნას. ეს პროცესი რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ არის იმ პროცესის გაგრძელება, როდესაც გავლენის ჯგუფი საკუთარ თავს იცავს, ეს არის ჩაკეტილი წრე," - განაცხადა ბუჩუკურმა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი