
პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გუშინ, აშშ-ის კონგრესში საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე გამართულ მოსმენას. საუბარი შეეხო რუსულ კანონს და "ოცნების" დეზინფორმაციასაც.
კობახიძე იმეორებს, რომ "უსამართლო შეფასებები" მოისმინეს, რაც მისი აზრით, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმაა საქართველოს სახელმწიფოზე.
"ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ არაერთი უსამართლო შეფასება საქართველოსთან მიმართებით, ეს იყო რეალურად თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან რაც არის ძალიან სამწუხარო, ჩვენ გვინდა შევთავაზოთ ჩვენ ამერიკელ პარტნიორებს განსხვავებული დღის წესრიგი, ეს არის გადატვირთვის დღის წესრიგი. თქვენ იცით რამდენი რამე გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში, ამ ფონზე ქართულ ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა და ეს არის ჩვენი შეთავაზება ამერიკელი პარტნიორების მიმართ. ამ ფონზე რა თქმა უნდა ის განცხადებები რომლებიც მოვისმინეთ, რომლებიც გაკეთდა არის კონტრპროდუქტიული, ასევე მთელი რიგი აქტები რომლებიც განხორციელდა ბოლო კვირების განმავლობაში არის კონტრპროდუქტიული, მე ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება მიღებული პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. ურთიერთობების გადატვირთვა არის თანაბრად საქართველოს და აშშ-ის ინტერესებში და მე იმედი მაქვს, რომ სათანადო ნაბიჯები გადაიდგმება, შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან", - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო პატარა ქვეყნაა და ბევრის შეცვლა ამ კუთხით ჩვენ ქვეყანას არ შეუძლია:
"მთავარია, რომ საბოლოო ჯამში აშშ-ის ხელისუფლებამ ჩამოაყალიბოს სწორი, პრაგმატული, სამართლიანი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით და ასეთ შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ მიღწეულ იქნას გადატვირთვა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით, ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია გადატვირთვის თვალსაზრისით, ყველაფერი არის ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ხელში. თუ მათი მხრიდან იქნება კეთილი ნება და შემხვედრი ნაბიჯები, ასეთ შემთხვევაში, რეალურად ეს გარდატეხა იქნება უზრუნველყოფილი, რაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის ინტერესებში.