თეა წულუკიანის რეპრესიები გრძელდება. მეცნიერს, რომელმაც ოროზმანში უნიკალური აღმოჩენა გააკეთა, კულტურის სამინისტრო ძეგლზე მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს. ერთ წელზე მეტი გავიდა, გიორგი ბიძინაშვილი შესაბამისი ნებართვას ელოდება. ბიძინაშვილი მუზეუმების გაერთიანებიდან 2022 წელს გაათავისუფლეს თეა წულუკიანის კრიტიკის გამო და პარალელურად მის წინააღმდეგ გამოძიება კულტურის სამინისტროს გენ ინსპექციამ დაიწყო. ნებართვის მიღება გიორგი ბიძინაშვილმა სასამართლოს გზითაც სცადა. ამავე საქმეზე დისკრიმინაცია დაადგინა სახალხო დამცველმაც, რომელმაც სააგენტოს ბიძინაშვილისთვის ნებართვის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალა, თუმცა უშედეგოდ.
ბიძინაშვილი ერთადერთი არაა იმ მეცნიერებს შორის, რომლებსაც თეა წულუკიანის უწყება პოლიტიკური ნიშნით დევნის და მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევს.
წულუკიანის რეპრესიებს შეწირული არქეოლოგი ნიკოლოზ წიქარიძე წლებია ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში გათხრების გაგრძელების უფლებას ითხოვს. წიქარიძის ხელმძღვანელობით ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში არქეოლოგიური გათხრები 2017 წელს განახლდა და 2020 წლამდე შეუფერხებლად მიმდინარეობდა. წიქარიძეს სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
ამასობაში კი, უნიკალური ძეგლების ნაწილი უკვე სააგენტოს უმოქმედობამ შეიწირა. რატომ არ აძლევენ მეცნიერებს თავისივე აღმოჩენებზე სამუშაოების გაგრძელების უფლებას, ეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის ვკითხეთ, ვახტანგ ჯაფარიძემ არ დამალა, რომ თუკი მეცნიერები პროტესტს და საჩივრების წერას შეწყვეტენ ყველაფერი მოგვარდება.