რუსეთის სინოდმა მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი) ყველა თანამდებობიდან გაათავისუფლა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიის ადმინისტრაციის თანამდებობიდან გაათავისუფლა ბუდაპეშტისა და უნგრეთის მიტროპოლიტი ილარიონი (ალფეევი). ილარიონი გადააყენეს სინოდალური ბიბლიური საღვთისმეტყველო კომისიის თავმჯდომარისა და საბჭოთაშორისი წარმოდგენის თავმჯდომარის თანამდებობიდანაც. მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება სინოდის სხდომაზე მიიღეს, რომელიც 25 ივლისს გაიმართა.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ "ბუდაპეშტ-უნგრეთის ეპარქიაში არსებული მდგომარეობის შესასწავლად“ კომისია შეიქმნება. თუმცა არ არის დაკონკრეტებული რა დგას კომისიის შექმნისა და მიტროპოლიტ ილარიონის ყველა თანამდებობიდან გადაყენების უკან.

ივლისის დასაწყისში გამოცემა Novaya Gazeta Europe-მა გამოაქვეყნა მასალა მიტროპოლიტ ილარიონის შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ ბუდაპეშტში ყოფნის ორი წლის განმავლობაში იერარქმა მიიღო უნგრეთის პასპორტი და გახდა დიდძალი უძრავი ქონების მფლობელი. სტატიაში საუბარი იყო მიტროპოლიტისა და პროტოდიაკონ ჯორჯ სუზუკის ურთიერთობაზე, რომელმაც ილარიონი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ გავრცელდა დასახელებული სასულიერო პირების საუბრის ფრაგმენტიც, სადაც ილარიონი, სავარაუდოდ, პატრიარქ კირილს აკრიტიკებს. 

ილარიონმა კი Novaya-Europa-სთან საუბარში ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილით დაემუქრა. სუზუკის ბრალდებები უარყო ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიამაც.

მიტროპოლიტი ილარიონი 2022 წლამდე ხელმძღვანელობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობის განყოფილებას. ის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან იერარქად ითვლებოდა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, იგი ჩამოაცილეს სინოდს, რომლის წევრიც იყო 10 წელზე მეტი და ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის წინამძღვრად დანიშნეს. ილარიონს საჯაროდ არ ისაუბრა უკრაინაში ომზე, არც დაუგმია ის და არც მხარდაჭერა გამოუთქვამს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი