
ჩრდილოეთ კორეის სადაზვერვო სააგენტოებთან დაკავშირებული ჰაკერები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის სამხედრო საიდუმლოებზე წვდომას ცდილობენ - ამის შესახებ ამ ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჰაკერები ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
მოხსენების თანახმად, ჩრდილოკორეელი ჰაკერები ცდილობდნენ თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული კომპანიების [ტანკების, წყალქვეშა ნავების, საბრძოლო თვითმფრინავების, რაკეტებისა და სარადარო სისტემების მწარმოებელი კომპანიების] კომპიუტერულ სისტემებში შეღწევას.
FBI, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო, ბრიტანეთის კიბერუსაფრთხოების ცენტრი და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ საფრთხე არ აღმოფხვრილა და ჰაკერული თავდასხმები შეიძლება დაემუქროს იაპონიისა და ინდოეთის სამხედრო კომპანიებსაც.
აშშ-ის, ბრიტანეთისა და სამხრეთ კორეის სადაზვერვო სამსახურებში ვარაუდობენ, რომ ჰაკერებმა შეძლეს რიგი კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში შესვლა, თუმცა გაურკვეველია მოახერხა თუ არა ფხენიანმა რაიმე საიდუმლოებაზე წვდომის მოპოვება.