ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ახლადდაფუძნებული პლატფორმა ემგიდი აქტიურად მუშაობს. ონლაინ პლატფორმა 200 000-მდე ემიგრანტს დაეხმარება საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველმა არაერთმა ემიგრანტმა უკვე მიმართა პლატოფორმის ვებ-გვერდს დახმარებისთვის.
"ემგიდის" წევრების შეფასებით მმართველი პარტიის პოზიცია, რომ საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნა "უტოპიურია", მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და რამდენიმე ასეული ათასი ემიგრანტის ხმის იგნორირებით არჩევნების ლეგიტიმაციას საფრთხეს უქმნის.
"გთხოვთ გვითხრათ, რაშია სინამდვილეში პრობლემა, რომ სამი კვირის განმავლობაში უბანმა იფუნქციონიროს. ჩვენ გვაქვს ქალაქები: მალაგა, ლეჩე, გრენობლი, ფლორენცია სადაც აღირცხული ამომრჩევლის რაოდენობა უკვე გადასცდა 50-ს და მათ ვალდებულება აქვთ, რომ გახსნან უბანი. არანაირი დისკრეციული უფლებამოსილება აქ არაა, პირდაპირი ვალდებულება აქვთ. ათი ათასობით ემიგრანტს თავის კონსტიტუციურ უფლებას თუ ჩამოართმევენ, ეს იქნება არჩევნების ტოტალური გაყალბება. ჩვენ მივმართავთ საერთაშორისო სადამკვრივებლო ორგანიზაციებს აღრიცხონ ეს ფაქტი და მზად ვართ მივაწოდოთ ინფორმაცია," - განაცხადა პლატფორმა "ემგიდის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ.
ემგიდის კიდევ ერთი დამფუძნებლის სოფო ჯაფარიძის თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლება უარს იტყვის უბნების გახსნაზე, მათი ორგანიზაცია ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვისთვის ყველაფერს გააკეთებს და მათ არსებულ საარჩევნო უბნებზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
ემიგრანტების საარჩევნო უფლების დაცვას მნიშნველოვნად მიიჩნევენ ოპოზიციური პოლიტიკური ძალებიც. "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრების შეფასებით ქართული ოცნებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს უარი საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე მიანიშნებს იმას, რომ მათ ეშინიათ ქართველი ემიგრანტებისა, რომელთა ხმა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნებში.