სკანდალური შეწყალებების სერიის შემდეგ ხელისუფლება შეწყალების წესის შეცვლას იწყებს. ახალი კრიტერიუმებით პრეზიდენტს ეს ჰუმანური უფლებაც შეეზღუდება.
სალომე ზურაბიშვილთან ერთად თემაზე პარლამენტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი მსჯელობენ. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ შეწყალების უფლების შეზღუდვა მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა და სკანდალური შეწყალებების გამო, პირველ რიგში, პრეზიდენტი უნდა დაიკითხოს.
პრეზიდენტს შეწყალების ახალი წესები პარლამენტმა და იუსტიციის სამინისტრომ დაუწერეს, ახლა სალომე ზურაბიშვილმა კარგად უნდა დაიმახსოვროს ის, რასაც უკვე დოკუმენტის ფორმა აქვს.
დღემდე შეწყალების პრეზიდენტის დისკრეცია იყო და კანონი ზღუდავდა, თუმცა ახლა სალომე ზურაბიშვილი შებოჭეს. პრეზიდენტს ეკრძალება იმ მსჯავრდებულების პატიმრობიდან გათავისუფლება, ვინც პოლიციელის სიცოცხლის ხელყოფისთვის იხდის სასჯელს ან ძებნილია.
შეწყალების კრიტერიუმებზე მსჯელობა რომ მთავარი თემიდან ყურადღების გადატანის მცდელობაა, ამაში დარწმუნებულები არიან ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიცია კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს, რა ეტაპზეა შეწყალების სკანდალის გამოძიება და რატომ არ იკითხება ქვეყნის მთავარსარდალი იმის გამო, რომ მან მკვლელები, პედოფილები და ძებნილები შეიწყალა.
შეწყალების კრიტერიუმების შემუშავებაზე პრეზიდენტი მის ადმინისტრაციასთან ერთად მუშაობს. ამბობენ რომ "შეწყალების წესის შესახებ " ბრძანებულების პროექტი უკვე შეიმუშავეს, მაგრამ რა წერია დოკუმენტში ჯერ ცნობილი არ არის.
სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების კომისია გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში გააუქმა. თუმცა, თითქმის ერთწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში უარი არ უთქვამს მისი კონსტიტუციური უფლება შეწყალებაზე გამოეყენებინა, რაც ქვეყანაში სექტემბრის დასაწყისში საყოველთაო მღელვარების და პროტესტის მიზეზი გახდა.