გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა | "ჰეზბოლა" თავდასხმასთან კავშირს უარყოფს

გამოქვეყნდა:

ისრაელის მიერ კონტროლირებად გოლანის მაღლობზე მდებარე ქალაქ მაჯდალ შამსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა - ამის შესახებ ისრაელის მედია და ოფიციალური პირები იუწყებიან. სამხედროების ცნობით, ყველა დაღუპული 10-დან 20 წლამდე ასაკისაა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ თავდასხმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ჰეზბოლამ" განახორციელა, ხოლო რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც მოზარდები იმ დროს ფეხბურთს თამაშობდნენ.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ისრაელ კაცმა თქვა, რომ ჰეზბოლამ "გადალახა ყველა წითელი ხაზი" და უახლოვდება "სრულმასშტაბიან ომს". პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით კი "ჰეზბოლას" ამ ქმედებას "სერიოზული შედეგები" მოჰყვება.

"ისრაელის მოქალაქეებო, მეც თქვენსავით შოკირებული ვარ "ჰეზბოლას" მიერ ბავშვებისა და უდანაშაულო ხალხის მკვლელობის გამო. მოკლულთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, რომლებიც ფეხბურთს თამაშობდნენ. ყველანი შეძრწუნებული ვართ მომხდარით.  მე ვაწარმოებ უწყვეტ კონსულტაციებს უსაფრთხოების საკითხებზე. შემიძლია ვთქვა, რომ ისრაელის სახელმწიფო ამას ჩუმად არ გაატარებს. "ჰეზბოლა" მძიმე ფასს გადაიხდის, რომელიც აქამდე არ გადაუხდია."

ჩრდილოეთ ისრაელი და გოლანის მაღლობი ბოლო დროს რეგულარულად იბომბება ლიბანის რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ. თუმცა ამჯერად "ჰეზბოლა" თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

"ისლამური წინააღმდეგობა ლიბანში კატეგორიულად უარყოფს ისრაელის ზოგიერთი მედიასაშუალების და სხვადასხვა მედია პლატფორმის მიერ გავრცელებულ ბრალდებებს მაჯდალ შამსის ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით. არანაირი კავშირი არ გვაქვს მომხდართან და კატეგორიულად უარვყოფთ მცდარ ბრალდებებს. რაკეტები, რომლებიც სირიის გოლანის მაღლობზე ჩამოვარდა, იყო ისრაელის  რაკეტები, რომლებიც ხშირად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სიცოცხლეს." - ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა კი პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ჰეზბოლა" ცრუობს.

გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეპ ბორელი:

"მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია,"- წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა თეთრი სახლიც და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური "ჰეზბოლას" წინააღმდეგ."

ლიბანის მთავრობამ მომხდარი ფაქტი დაგმო და ისრაელსა და ჰეზბოლას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ლიბანის მთავრობა გმობს ნებისმიერი სახის ძალადობასა და აგრესიას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სამიზნედ მშვიდობიანი მოსახლეობის ამოღება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ეწინააღმდეგება კაცობრიობის პრინციპებს. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები."

მაჯდალ შამსი, გოლანის მაღლობის უმაღლესი წერტილია და ის ძირითადად დრუზებით არის დასახლებული. ხოლო თავად გოლანის მაღლობი 1967 წლიდან ისრაელის კონტროლის ქვეშაა.ისრაელისა და ლიბანის საზღვარზე ვითარება გასული წლის 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის და ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ გაუარესდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი