
ემიგრანტები ხმების დასაცავად ემზადებიან. ქვეყნის ევროპული მომავლისა და დემოკრატიული განვითარებისთვის საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გადამწყვეტ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციამ "თაობები ქვეყნისთვის" ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა, სადაც საკონსულო აღრიცხვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და დეტალურად განიხილეს ის სამოქმედო გეგმა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხმის მიცემისთვის საჭირო პროცედურების გავლაში დაეხმარება.
"თაობები ქვეყნისთვის" შევიმუშავეთ პერსონალური მონაცემების დაცვის წესები. როდესაც ემიგრანტები ჩვენთან მოდიან და ჩვენ მომსახურებას იყენებენ, როდესაც ჩვენ ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, ამ მომსახურების ფარგლებში აუცილებელია, რომ ყველა დაეთანხმოს პერსონალური მონაცემების დამუშავების წესებს. ვინაიდან ჩვენ ასე მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, რომ, მაგალითად ქალაქ ლეჩეში არის სულ მინიმუმ 50 საკონსულო აღრიცხვა. მხოლოდ და მხოლოდ პერსონალური მონაცემების დაცვის წესების დათანხმების შემდეგ არის შესაძლებელი, რომ ჩვენ უფლებამოსილება გვქონდეს, რომ ეს მტკიცებულებები წავუყენოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს," - განაცხადა "თაობები ქვეყნისთვის" წარმომადგენელმა, შოთა როსტომაშვილმა.
ემიგრანტების ხელმოწერების შესაგროვებლად და დამატებითი უბნების გასახსნელად 90 ქალაქში აქტიურად მუშაობს "კოალიცია ცვლილებებისთვისა". მათ უკვე 40 ქალაქიდან შეძლეს ხელმოწერების შეგროვება. ეს ოფიციალური მონაცემები "ცესკოსა" და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაიგზავნა. მას შემდეგ რაც ეს ადამიანები საკონსულო აღრიცხვას გაივლიან ხელისუფლება კანონით ვალდებული გახდება, რომ ამ ქალაქებში დამატებითი უბნები გახსნას.
ავტორი: დავით კობიძე