20 მილიონი ლარი ადგილობრივი თვითმმართველობებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მთავრობის ახალი განკარგულების მიხედვით, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა 23 ივლისს დაამტკიცა, წინასაარჩევნოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტს "მოქალაქეთა ჩართულობის ხელშესაწყობად" სარეზერვო ფონდიდან 20 მილიონი ლარი გადაეცემათ. კონკრეტულად რა იგულისხმება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაში და რას უნდა მოხმარდეს თანხა ბუნდოვანია, ვინაიდან დადგენილებაში არ ჩანს დასაბუთება და ხარჯების კონკრეტული მიზნობრიობა.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თანხები მიმართული იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თუ სხვადასხვა რეგიონის საჭიროებებზე.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა ქვეყანაში, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, ჯერ კიდევ არსებობს საჭიროებები მოხდეს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარება, სხვადასხვა პროექტების განხორციელება და რა თქმა უნდა, ეს თანხები მიმართული იქნება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, თუ სხვადასხვა საჭიროებებზე, რაც მნიშვნელოვანია რეგიონებისთვის," - განაცხადა კალაძემ.
კორუფციის მკვლევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები კორუფციის რისკებზე მიანიშნებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობს.
"კონკრეტულად ამ პროგრამას უნდა მიეცეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა და მანიპულაციის პროგრამა, გამომდინარე იქიდან, რომ იმ საჭიროებებს, რა საჭიროებებსაც ამ პროგრამაზე გამოყოფილი თანხა ითვალისწინებს, ეს საჭიროებები დიდი ხანია უდგას საქართველოს მოქალაქეებს, ოღონდ არ ხდება ამის მოგვარება. ეს პროგრამა რომ ყოფილიყო გათვალისწინებული ჩვეულებრივად ბიუჯეტში, გამოცხადებულიყო ტენდერები, დაეკონტრაქტებინათ თებერვალში, იანვარში და შემდეგ სამუშაოები განეხორციელებინათ მაისიდან და არა მაშინ როდესაც არჩევნებამდე ერთი თვე არის დარჩენილი. წინასაარჩევნოდ, მოგეხსენებათ, რომ მერები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მოარგონ მათ პარტიულ არჩევნებს," - განაცხადა კორუფციის მკვლევარმა, ბესიკ დონაძემ.