"ოცნებაში" აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭების საბაბს ვერ ხედავენ | მოლოდინები სენატში დაგეგმილ განხილვებთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  მოსმენა სენატში 30 ივლისს გაიმართება და მას  სენატორი ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს.  მოსმენაზე  ჩრდილოატლანტიკური ალიანსის,  უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიისა და  საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. ევროპის საკითხებზე კი მომხსენებელი  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი  იქნება.

დასავლეთის კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად არანაირი საბაბი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, ცრუ ბრალდებებია.

"საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობების გასაღრმავებლად, მზადაა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები გადაიტვირთოს, იმიტომ, რომ მართლაც თუკი რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება, ქართველ ხალხთან ერთად. არანაირი საბაბი არ არსებობს იმისა, რომ, მაგალითად, საქართველოსა და ამერიკას შორის, საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები გაფუჭდეს.

გვეუბნებიან, თითქოს დემოკრატიის მიმართულებით ქვეყანამ უკან გადადგა ნაბიჯი. წარმოგიდგენიათ, რა საოცრებასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ, გვეუბნებიან, რომ კანონი, რომელიც ითხოვს გამჭვირვალობას, არადემოკრატიული და არაევროპულიაო."– განაცხადა კახა კალაძემ.

დასავლეთის მხრიდან კიდევ უფრო მკაცრი ნაბიჯების მოლოდინი აქვთ ოპოზიციას და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებს.

"ის რომ ჩვენ ვრჩებით დღის წესრიგში, ეს არის ერთის მხრივ კარგი, მაგრამ ცუდია მიზეზი, რის გამოც ვრჩებით. ეს მოსმენები რაც გაიმართება კარგს არაფერს მოუტანს საქართველოს ხელისუფლებას. პოზიტიური შეიძლება იყოს ის დაპირებები, რაც შეიძლება მოხდეს თუ არჩევნები ჩატარდება  დემოკრატიულად და მომავალში შეიძლება გამოვასწოროთ ურთიერთობები," - აცხადებს "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი თეიმურაზ პაპასკირი.

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის წარმომადგენელი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა.

"ასეთ კრიტიკულ ზღვარს არასოდეს მიახლოებია ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და სამწუხაროდ ვერ ვიტყვით რომ ამის იქით არ წავა, იმიტომ რომ ის რიტორიკა  რაც ქართული ოცნებიდან ისმის ამის იმედს არ იძლევა. აშშ-სთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია, ეს ქვეყანა ყოველთვის გვიწევდა და გვიწევს ძალიან დიდ მხარდაჭერას, იდგა და იდგება ქართული დემოკრატიის და სახელმწიფოებრიობის გვერდით და ამას მოწმობს ის განხილვებიც რომელიც მოეწყობა სენატში," - აღნიშნა ფხალაძემ.

აშშ-ს მხრიდან მკაცრი რეაგირების მოლოდინი აქვს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელ გიორგი რუხაძესაც.

"ერთის მხრივ მეგობარი აქტი, მეორეს მხრივ ქართველი ხალხის მხარდამჭერი აქტი, რომელიც ალბათ გაერთიანდება და საბოლოო ჯამში მივიღებთ კანონად ქცეულ პოლიტიკას, რომელიც ერთის მხრივ სჯის საქართველოს ხელისუფლებას რომელსაც მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ და მეორეს მხრივ ნათელ გზავნილს უკეთებს ქართულ საზოგადოებას, რომ თუ საქართველო დაუბრუნდება ევროატლანტიკურ გზას რამხელა სიკეთეები ელის აშშ-სგან " - განაცხადა გიორგი რუხაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი