ტელეკომაპნია "ფორმულას" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტი ასაჯაროებს მის მიერ მოპოვებულ წერილს, რომლითაც "ქართული ოცნების" დამფუძნებელი 2012 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს მიმართავდა.
ამ წერილში ივანიშვილი საუბრობს, რომ თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოების არსებობა არის ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი და ამბობს, რომ მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც მათი აზრით, სასარგებლოა "ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის".
"თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება იყო ქართველი ხალხის სანუკვარი მიზანი მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ ოცი წლის წინ დამოუკიდებლობა დაიბრუნა. სამწუხაროდ, ძველი ჩვევების გადალახვა რთულია. ჩვენს ერს ჯერ კიდევ აკონტროლებენ ერთპარტიული ინსტიტუტები ისეთი ლიდერის ხელში, რომელიც უარყოფს დემოკრატიის უმთავრეს პრინციპს - რომ ერთ დღეს უნდა დატოვოს თანამდებობა. ქართველი ხალხი ელოდება მკაფიო სიგნალს, რომ ამერიკას ესმის და მხარს უჭერს მათ ოცნებებს. ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენი აზრით სასარგებლოა ჩვენი ოცნების რეალობად ქცევისთვის", - წერდა ივანიშვილი 2012 წელს.
წლების შემდეგ ივანიშვილის და შესაბამისად "ქართული ოცნების" რიტორიკა შეიცვალა. დავით ზურაბიშვილის თქმით, ივანიშვილი ფიქრობდა, რომ მისი აბსოლუტური ძალაუფლება პროდასავლურ ორიენტაციასთან თავსებადი იყო და საქმეს ამერიკასთანაც "დაალაგებდა" და რუსეთთანაც.
"ალბათ ჩვენი შეცდომა, ვინც მაშინ ვიყავით ივანიშვილთან, ის იყო, რომ ჩვენ გვეგონა ამ ადამიანისთვის ძალაუფლება იყო საშუალება და არა მიზანი", - ამბობს ის.