გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ამ წუთებში ბრიფინგი იმართება. ბრიფინგზე ცნობილი გახდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილის სიკვდილი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამის სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის და საქმის მასალების შეჯამების შედეგად, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი უნდა იყოს მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია, ასევე ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის, მისი გარდაცვალებიდან გასულია დაახლოებით 4 დღე. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის კვალი არ აღენიშნება.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით, - წერია განცხადებაში.
პროკურატურის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ "ბაკურიანის" ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში ადრენორეცეპტორების და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი აღმოჩნდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.