
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მომავალი არჩევნების საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან დებატებზე Fox News-ის შეთავაზებას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით ახალი დებატები პენსილვანიაში, 4 სექტემბერს, გაიმართება და ცოცხალი აუდიტორია ეყოლება. მისი მოდერატორები კი Fox News-ის წამყვანები ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი იქნებიან.
"მე დავთანხმდი Fox News-ს კამალა ჰარისთან დებატებზე ოთხშაბათს, 4 სექტემბერს. დებატები ადრე დაგეგმილი იყო ABC-ზე მძინარა ჯო ბაიდენის წინააღმდეგ, თუმცა ეს გაუქმდა, რადგან ბაიდენი მონაწილეობას ვეღარ მიიღებს...
FoxNews-ის დებატები გაიმართება პენსილვანიის დიდ თანამეგობრობაში. დებატების მოდერატორები იქნებიან ბრეტ ბაიერი და მართა მაკკალუმი, და წესები იქნება ჩემი დებატების წესების მსგავსი მძინარა ჯოსთან, რომელსაც მისი პარტია საშინლად მოექცა - თუმცა, აუდიტორიის დასწრებით," - განაცხადა ტრამპმა.
ამ დროისთვის უცნობია დათანხმდება თუ არა დებატებს კამალა ჰარისი. მის კამპანიას CNN-ისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.