1 წელი შოვის ტრაგედიიდან და პასუხგაუცემელი კითხვები | კობახიძის თქმით, "ჭირისუფლებს შეჰპირდა" რომ შეხვდება და გამოძიებაზე "დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის"

გამოქვეყნდა:

შოვში, დამეწყრილ კურორტზე საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩავიდნენ. კობახიძემ პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში ყველა დაინტერესებულ პირს შეხვდება და შოვის ტრაგედიის გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მუშაობს ტერიტორიის მონიტორინგის სისტემებით დასაფარად, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. 

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უძღვება ამ სამუშაო პროცესს. შვეიცარიული პარტნიორი არის ჩართული ამ ყველაფერში და სათანადო ვადებში, ყველა შესაბამისი მყინვარი იქნება დაფარული მონიტორინგის სისტემით. გარკვეულ დროს ეს მოითხოვს, თუმცა სათანადო ვადებში შვეიცარიელ პარტნიორებთან ერთად ყველა სამუშაო შესრულდება. 

დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც უშუალოდ ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი უშუალოდ გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით, მათ შორის ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. თუ დამატებითი კითხვები ექნებათ, რა თქმა უნდა ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით," - განაცხადა კობახიძემ. 

კობახიძესთან ერთად, შოვის ტერიტორია მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილის გაღიზიანება ოპოზიციის განცხადებებმა გამოიწვია. მან ოპონენტები სიცრუეში დაადანაშაულა, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლებისგან პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ითხოვენ და კითხვებზე: თუ რა მოხდა შოვში 1 წლის წინ და იყო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება შესაძლებელი, ან ახლა რა ეტაპზეა გამოძიება, პასუხებს ითხოვენ. 

"აგვისტოს დღეებში ერის ერთიანობასთან ერთად ჩვენ ასევე ვხედავდით, სამწუხაროდ ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, ფაქტობრივად, ზურგში დანის ჩარტყმას, იმ პროცესისთვის, რაც მიდიოდა. გახსოვთ თქვენ მაშინ რამდენი დეზინფორმაცია და ტყუილი ვრცელდებოდა, გვქონდა ამაზე მაშინ საუბარი კიდევაც. რაც შეეხება "ლელოს" განცხადებას აქ კომენტარსაც არ გავაკეთებ. ამ პარტიის მთელი სიყალბე უკვე დაინახა არა მხოლოდ ჩვენმა საზოგადოებამ, არამედ საერთაშორისო მასშტაბით გახდა უკვე ცნობილი," - განაცხადა პაპუაშვილმა. 

ოპოზიცია კი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. მათი თქმით ხელისუფლება სტიქიურ უბედურებებს მომზადებული არ ხვდება. ისინი კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ, თუ რა გაკვეთილი გამოიტანა ხელისუფლებამ შოვის ტრაგედიიდან და რა ნაბიჯები გადადგეს  პოტენციური საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.

"ვალდებულია ხელისუფლება, რომ ამ ხალხმა მიიღოს პასუხი. სამწუხაროდ, მათ ბევრი ვერაფერი ნუგეში ამით, ვერ გაუცოცხლდებათ შვილები, ვერ გაუცოცხლდებათ მშობლები, მაგრამ განცდა, რომ ისინი არიან მოქალაქეები ეს მაინც დაეუფლებათ. მეორე, რაც ყველაზე მთავარია, მომდევნო პოტენციური სტიქიური უბედურებებისთვის მზად არის ჩვენი სახელმწიფო? შეისყიდეს მაღალი ხარისხის სატელიტური იმიჯები მაგალითად? მონიტორინგის სისტემები დამონტაჟდა? არა, არანაირი ზომები, საკმარისი ხარისხითაც კი არ არის მიღებული," - განაცხადა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარემ და "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი