"განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს, რა თანხაზეა საერთოდ საუბარი" | პაპუაშვილი აშშ-ის მიერ 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარების შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ "ოცნების" მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტის დახმარების შეჩერებას დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. ის საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად რა დახმარება გააჩერა ოფიციალურმა ვაშინგტონმა.

შალვა პაპუაშვილი დღეს რუსული სტილის პროპაგანდით პარტნიორებს შანტაჟში სდებდა ბალს.

"დღემდე განმარტება არ გაუკეთებია არც საელჩოს რა თანხაზეა საერთოდ საუბარი. მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებას რომ უნერგავენ ამის შეგრძნებას, რომ სადღაც ვიღაცამ თითქოს შეწყვიტა დაფინანსება და ახლა ეს რაღაც კატასტროფაა. ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნების დოტაციაზე მყოფი მაჩანჩალა ქვეყანა... თუკი ვინმე უცხო ქვეყანას უნდა, ამ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანოს, მისასალმებელია და ყოველთვის მადლიერები ვართ ნებისმიერი გვერდში დგომისთვის. თუმცა ბოლო პერიოდში ისეთი აღქმა რჩება, რომ ვიღაცას მეგობრობა ზეწოლის ინსტრუმენტი ჰგონია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის სწორი მიდგომა", - თქვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ "ოცნებას" არჩევანი გაკეთებული აქვს, ის ქართველი ხალხის წინააღმდეგაა და არ თანამშრომლობს დასავლეთთან, თუმცა ეს ვერ იქნება საქართველოს არჩევანი. "ერთიანობის" ლიდერი, თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ რუსეთთან და ირანთან და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დამეგობრებული "ოცნება" საქართველოს ათეულობით მილიონობით დოლარსა და ევროს აკარგვინებს. "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ არა ქვეყანა, არამედ პაპუაშვილია მაჩანჩალა და ყველასთვის ცნობილია რაში უნდა დახარჯულიყო აშშ-ის დახმარება. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი