
ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის სასწრაფოდ დატოვებას ურჩევენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის განცხადებით რეგიონში სიტუაცია შეიძლება სწრაფად გაუარესდეს. ამის შესახებ bbc წერს.
საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს იორდანიაც. კანადამ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ თავი აარიდონ არა მხოლოდ ლიბანში წასვლას, არამედ ისრაელში მოგზაურობასაც, რადგან რეგიონში "სიტუაცია შეიძლება გაფრთხილების გარეშე კიდევ უფრო გაუარესდეს".
შაბათს აშშ-ს საელჩომ განაცხადა, რომ მათ, ვინც ლიბანში დარჩენას ირჩევს, უნდა „შეიმუშაონ საგანგებო გეგმები“ და მოემზადონ "თავშესაფრებში ხანგრძლივად ყოფნისთვის".
ნათქვამია, რომ რამდენიმე ავიაკომპანიამ შეაჩერა და გააუქმა ფრენები და ბევრმა კი ბილეთები სრულად ამოყიდა, მაგრამ "ლიბანის დატოვების კომერციული ტრანსპორტის ვარიანტები ხელმისაწვდომი რჩება ".
პენტაგონმა განაცხადა, რომ რეგიონში დამატებით სამხედრო ხომალდებსა და გამანადგურებელ თვითმფრინავებს განათავსებს, "რათა დაეხმაროს ისრაელის დაცვას ირანისა და მისი მარიონეტების შესაძლო თავდასხმებისგან".
დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ აგზავნის დამატებით სამხედრო პერსონალს, საკონსულო პერსონალს და სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებს, რათა დაეხმარონ ევაკუაციაში - მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეებს მოუწოდა დაეტოვებინათ ლიბანი "სანამ კომერციული ფრენები მიმდინარეობს".
ორი ბრიტანული სამხედრო ხომალდი უკვე იმყოფება რეგიონში და სამეფო საჰაერო ძალებმა სატრანსპორტო ვერტმფრენები მოლოდინის რეჟიმში დააყენეს.
ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაცია თეირანში - "ჰამასის" ლიდერის, ისმაილ ჰანიეს და ბეირუთში მოძრაობა "ჰეზბოლას" მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობებს უკავშირდება. საპასუხოდ, ირანის ხელისუფლება და მოძრაობა "ჰეზბოლა" ისრაელს შურისძიებით დაემუქრნენ.