16 წელი აგვისტოს ომიდან | პოლიტიკოსებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სამხედრო აგრესიას 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი შეეწირა. თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულად მიიჩნევა 169 სამხედრო. სახლის დატოვება მოუწვია ათასობით ადამიანს, რომელთა ნაწილი დევნილობაში რჩება. ომს ემსხვერპლნენ ჟურნალისტებიც, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ. 

დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა. 

"არის დღეს, როდესაც ძალიან ნათლად და მკაფიოდ უნდა გავიაზროთ რა არის რუსეთი და რის წართმევას ცდილობს საუკუნეების განმავლობაში დღემდე ქართველებისთვის და საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის. მე ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა სახელმწიფოებრიობის გაძლიერების პროცესში გავიგოთ. სახელმწიფოს სჭირდება სახელმწიფოებრივი საფუძვლების გაძლიერება და სუვერენიტეტის გაძლიერება, ამას სჭირდება მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც გულისხმობს ხალხის ინტერესის ასახვას პოლიტიკაში, სახელმწიფოს მართვის პროცესში და ეს ყველაფერი ვერ მოხდება სამწუხაროდ, ხელისუფლების ცვლილების გარეშე", - თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა მელიამ.

მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპულთა გმირების ხსოვნას პატივი მიაგო "ერთიანობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამაც. მისი თქმით, "ჩვენი ვალია უკვდავყოთ მათი ხსოვნა და ჩვენი ერთიანობით გავამთლიანოთ ჩვენი ქვეყანა, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას მათ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს". 

ადგილზე იმყოფებოდა "კოალიცია ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, რომელმაც თქვა, რომ რუსეთის აგრესია და ოკუპაცია გრძელდება, რომელიც დასრულდება მშვიდობიანად, მაგრამ გმირების ღვაწლი და სისხლი არასდროს იქნება დავიწყებული.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს რეგიონებშიც.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი