დღეს, 20:00 საათზე ბაგრატის ტაძართან "ქართულმა ოცნებამ" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი უნდა წარადგინოს. ცოტა ხნით ადრე კი პოლიციამ იძულებით დაატოვებინა ტაძრის ეზო მოწყალების მთხოვნელ ქალებს, რომლებიც წლებია ეკლესიაში მისულ ადამიანებს დახმარებას სთხოვენ.
თავდაპირველად ბაგრატის ეზოს დატოვება ამ ადამიანებს სასულიერო პირებმა მოსთხოვეს, თუმცა, უარის შემდეგ, მოგვიანებით საქმეში პოლიციაც ჩაერთო.
თურმე, არ შეიძლება, გახარიამ დაგვინახოს. გვითხრეს, რომ 5 ლარს მოგვცემდნენ ტაძრის ეზოს დასატოვებლად. გახარია რომ წავა, მერე დადექით და ითხოვეთ ფულიო, - ამბობს ბაგრატის ეზოს მოწყალების მთხოვნელი.
გარდა ამისა, პოლიციელები მკაცრად აკონტროლებენ ტაძრის ტერიტორიაზე მისულ სხვა ადამიანებსაც და მათი პოლიტიკური შეხედულებების გარკვევას ცდილობენ, რათა დეპუტატი მაქსიმალურად მშვიდ გარემოში წარადგინოს "ოცნებამ".