"რისთვისაც ჩემმა შვილებმა სისხლი დაღვარეს, რუსებისკენ რომ მივდივართ ეგ არ მომწონს"| მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" აგვისტოს ომთან დაკავშირებით განცხადებებს ისევ 8 აგვისტოს აკეთებს. ოფიციალური პირები დღეს იმყოფებოდნენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. 2008 წლის 7 აგვისტოს უკვე იბომბებოდა ქართული სოფლები.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ოჯახის წევრები. მათი კიდევ ერთხელ გაიხსენეს 16 წლის წინანდელი მოვლენები.

2008 წლის ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების მამა ყვება, რომ 11 წლის იყო გია და 7 წლის გელა, ცხინვალიდან დევნილები როცა გახდნენ - "ვერ აიტანეს ეს ამბავი, რომ ოსებმა და რუსებმა ეს საქმე გაგვიკეთეს რა, გამოგვასახლეს უფრო სწროად. იმის შემდეგ სულ იმას ფიქრობდნენ, რომ ერთადერთი ჩვენი მსახური არის ჯარი, ჯარისკაცობა". 

ძმები ცხინვალში დაიღუპნენ, მათი ცხედრები ოჯახს არ აქვს. 

"რისთვისაც ჩემმა შვილებმა სისხლი დაღვარეს, რუსებისკენ რომ მივდივართ ეგ არ მომწონს მე. ჩემთვის მიუღებელია ეგ ამბავი. გავა წლები, მოვა დრო ისეთი, რომ დააფასებენ ისე, როგორც საჭიროა ჩემ შვილებს და არა მარტო ჩემ შვილებს", - თქვა გია რომელაშვილმა.

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძემ თქვა, რომ ყოველი აგვისტო მისთვის მძიმეა.

"განცხდები იგივეა, ისევ მძიმეა ჩვენთვის და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტად მძიმედება რა თქმა უნდა, არ ვიცი, ჩმეტვის ყოველი აგვისტოს დასაწყისი უკვე... მძიმედ იწყება ყოველთვის აგვისტო, მითუმეტეს გიორგის აგვისტოში დაბადების დღეც აქვს. გიორგი 18 აგვისტოს 40 წლის გახდება", - თქვა მან.

ადგილზე მისულმა პრემიერმა თქვა: 

"დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. ყველას გვახსოვს უმძიმესი ტრაგიკული დღეები, თუმცა ეს დღეები ჩვენ ასევე სიამაყით გვავსებს, გამომდინარე იმ უდიდესი გმირობიდან, რომელიც ჩაიდინეს ჩვენმა სამხედროებმა და კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, ჩვენ მათ პატივი უნდა მივაგოთ. მათ ჰქონდათ ოცნება, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი გმირობა უკვალოდ არ ჩაივლის, საქართველოს ტერიტორია აუცილებლად აღდგება, აღდგება მშვიდობიანი გზით და ასრულდება ის ოცნება, რაც ჰქონდათ ჩვენს გმირებს".

მან არ უპასუხა კითხვას, როდის აპირებს საოკუპაციო ხაზთან ჩავიდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს შეხვდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი