2024 წლის პირველ 6 თვეში ქუთაისის მერიამ 40 000 ლიტრამდე საწვავი დახარჯა, რომლის ღირებულებაც 106 283 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ცნობილი "მთავარი არხის" მიერ გამოთხოვილი ოფიციალური საჯარო ინფორმაციიდან ხდება. არასამთავრობო სექტორში მიაჩნიათ, რომ მერიის მაღალჩინოსნები ბიუჯეტის ფულით შეძენილ საწვავს, სამსახურებრივი საქმიანობის გარდა პირადი მოხმარებისთვისაც ხარჯავენ.
"ქუთაისს ჰყავს 3 დაძმობილებული ქალაქი: ლვოვი, გელზენკირხენი და ლიონი. სულაც რომ მანქანით ჩასულიყვნენ თვეში ორჯერ გერმანიაში, საფრანგეთში და უკრაინაში ჩვენი მერიის წარმომადგენლები, ამდენ საწვავს მაინც ვერ გახარჯავდნენ. რა თქმა უნდა, კორუფციის სქემაა და სავარაუდოდ, ე.წ ატკატები, ფულის კეთების ერთ-ერთი გზა, რომელიც გამონახეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა. ფიზიკურად შეუძლებელია ამ რაოდენობის საწვავის ამ რეგიონში და ამ ქალაქში დახარჯვა," - აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ მესხი.
"ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლის თორნიკე ბარათაშვილის თქმით, ქალაქში მაღალჩინოსნების გადაადგილება ჩანს, მაგრამ არ ჩანს მათი გაკეთებული საქმე.
"კოლოსალური რაოდენობის საბიუჯეტო რესურსის ხარჯვა პირდაპირ კავშირშია კორუფციასთან მავნებლობასთან და დანაშაულთან," - განაცხადა თორნიკე ბარათაშვილმა.