"კოალიცია ცვლილებისთვის" ნებისმიერ ოპოზიციურ ხმას დაიცავს, ქვეყნისთვის ცვლილებას მივაღწევთ ყველანი ერთად | ნიკა გვარამია კასპის ოფისის გახსნაზე

გამოქვეყნდა:

შიდა ქართლი არის პირველი რეგიონი, სადაც "კოალიცია ცვლილებისთვის" ოფისებს ხსნის. პირველი ოფისი დღეს კასპში გაიხსნა. კოალიციის ლიდერები ადგილობრივებს შეხვდნენ და იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელიც კასპის მცხოვრებლებს აწუხებთ, მათ შორის უმუშევრობაზე, რის გამოც რეგიონიდან ახალგაზრდების გადინება ხდება საზღვარგარეთ. საუბარი შეეხო ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხსაც. "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ადგილობრივებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური ძალა არჩევნებზე დაიცავს ყველა ოპოზიციურ ხმას და ქვეყნისთვის აუცილებელ ცვლილებებს ყველა ერთად მიაღწევს.

"ყველა ჩვენი ქალაქი არის ევროპული ქალაქი, ჩვენ ვართ არა პროევროპელები, არამედ ევროპელები, ჩვენი აკვანი, ოჯახი არის ის და არსად სხვაგან არც წავალთ და ვერც წავალთ. ეს გვითხრა ილიამ, ეს გვითხრა შოთამ, ეს გვითხრა სულხან-საბამ, ამას გვეუბნებიან ჩვენი შვილები, ისინი დგანან რუსთაველზე და იბრძვიან ამ ქვეყნის ბედნიერებისთვის. ჩვენ გვინდა ბედნიერება მოვუტანოთ ქვეყანას, თქვენ, თქვენ შვილებს, ჩემს თავსაც, ჩემს შვილებსაც. ნუ ვიცხოვრებთ ისე, რომ სულ გავურბოდეთ უბედურებას, ვიცხოვროთ ისე, რომ სულ ვეძებდეთ ბედნიერებას და რაც მთავარია, ვპოულობდეთ: კასპშიც, თბილისშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც, ყველგან სადაც საქართველოა. უნდა ვიბრძოლოთ და ხმა მივცეთ, მაგრამ ჩემი სახელით, ნიკას, ელენეს და ზურას სახელით უთხარით, რომ ჩვენი პარტია მარტო ხმებს კი არ შევირგებთ თქვენს მოტანილს, არამედ ამ ხმებს დავიცავთ და გავიტანთ ბოლომდე ჩვენ სიმართლეს. მარტო ჩვენ ხმებს კი არა ნებისმიერ ოპოზიციურ ხმას  დაიცავს "კოალიცია ცვლილებისთვის", იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება ცვლილება ჩვენთვის, ჩვენ გვჭირდება ცვლილება ქვეყნისთვის და ქვეყნისთვის ცვლილებას მივაღწევთ ყველანი ერთად," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
 

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები იმყოფებოდნენ კასპის ცემენტის ქარხანასთანაც, რომელიც ადგილობრივების თქმით, ქალაქის ეკოლოგიას დიდ პრობლემებს უქმნის და დაპირებების მიუხედავად პრობლემა ბოლომდე არ მოგვარდა. ამ კონტექსტში რეგიონების განვითარებისთვის დეცენტრალიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.

"იმიტომ გვინდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, იმიტომ გვინდა რომ ამ არჩევნებით დავბრუნდეთ ევროპულ დღის წესრიგში, რომ დამოკიდებულება თვითმმართველობის, ადამიანების მიმართ, ჰაერის დაბინძურების, ეკონომიკური განვითარების მიმართ მიდგომები არის აბსოლუტურად განსხვავებული, ეს უნდა შეიცვალოს, ეს არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იყოს ეკონომიკა მოწყობილი ვიღაცის ჯიბისთვის, ბიძინა შემოვიდა ამ ქარხნის წილშიც...და ამიტომ გვინდა სწორედ ცვლილებები," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

დღეს შიდა ქართლის სხვადასხვა ქალაქში კოალიცია ცვლილებებისთვის 4 ოფისი გაიხსნება. მიმდინარე თვეს კი 100 ოფისის გახსნა იგეგმება.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი