რუსეთში Signal-ი დაიბლოკა

გამოქვეყნდა:

რუსეთში აპლიკაცია Signal-ი დაიბლოკა. ამის შესახებ განკარგულება რუსეთის კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსკომნადზორი) გასცა.

"საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე წვდომა შეიზღუდა რუსული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გათვალისწინებით, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის აპლიკაციის გამოყენებას შეუშალოს ხელი", - წერია როსკომნადზორის პრესრელიზში.

გამოცემები წერენ, რომ აპლიკაციის გამოყენება შეზღუდვის მიუხედავად VPN-ით შეიძლება. ამასთან, აპლიკაცია მომხმარებელს ბლოკისთვის თავის არიდების საშუალებას აძლევს, რაც "ცენზურისთვის გვერდის ავლის" (Censorship Circumvention) რეჟიმის ჩართვით კეთდება.

ცნობისთვის, Signal-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა, რომელიც ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, ტექსტური შეტყობინებებისა თუ ზარებისთვის, ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, რაც სპეცსამსახურებსა და სხვა მსურველებს მომხმარებელთა კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, Signal-ი თავის მომხმარებლებზე სხვა აპლიკაციებთან შედარებით ნაკლებ მონაცემებს აგროვებს და ინახავს.

შეგახსნებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთში Whatsapp-ის დაბლოკვაც იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი