
უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონებში: ბელგოროდში, ბრიანსკსა და კურსკში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული, ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. კომიტეტმა გადაწყვეტილება "უკრაინის მხრიდან მომავალი ტერორისტული მუქარით" ახსნა
კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გულისხმობს რეჟიმის მოქმედების არეალში მცხოვრები ადამიანების დროებით განსახლებას, გარდა ამისა, ინერგება ინფორმაციის კონტროლი, მათ შორის სატელეფონო საუბრები. ამავდროულად, ხელისუფლებას უფლება აქვს შეზღუდოს ინტერნეტ კავშირები და მობილური კომუნიკაციები.
სამ რეგიონში უსაფრთხოების ძალებმა ასევე მიიღეს სახლებსა თუ მიწის ნაკვეთებზე თავისუფლად შესვლის უფლება.
შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარული დანაყოფები 6 აგვისტოს შეიჭრნენ კურსკის ოლქის სუჯის რაიონში. არსებული ინფორმაციით, უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს დაახლოებით 600 კვადრატულ კილომეტრზე და ოცამდე დასახლებაზე.