"მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ" | არასამთავრობო სექტორი კონგრესის ორპარტიულ დელეგაციას შეხვდა

გამოქვეყნდა:

ამერიკის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს მართავს. დღეს ამერიკელი კანონმდებლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. მანამდე ამერიკელი პოლიტიკოსები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილვის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები, სადამკვირვებლო მისიები და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები იყო.

"საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს, იმას თუ რა ხდება და რა მოლოდინები გვაქვს, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და ასევე როგორ იმოქმედებს რუსული კანონი სამოქალაქო სექტორზე. რაზეც ისაუბრეს მათ, ეს იყო, რომ ისინი აქ არიან იმისთვის, რომ მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ მათ ბრძოლაში, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის, ნატოს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა," - განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერას.

"ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა და ამას გაესვა ხაზი, აშშ-ის ორივე პარტია მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და ქართველი ხალხის ნებას, რომ საქართველო იყოს დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო. ვისაუბრეთ არჩევნებზე, მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ასევე ერთ-ერთი საკითხი იყო რუსული კანონი და მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ არჩევნებისთვის მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო მისიების ოპერირება." - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება აღმოჩნდა რუსული კანონის მიღების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი