გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ქართული ოცნებიდან" ისლამ მამედოვი სოფელ ქესალოში მოქალაქეს ფიზიკურად გაუსწორდა. ადგილობრივების ინფორმაციით დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო და სიტყვიერი შელაპარაკება მალევე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
ადგილობრივების ცნობით, დაპირისპირებაში რამდენიმე პირი იღებდა მონაწილეობას. საჯარო მოხელის მიერ სასტიკად ნაცემი კაცის მეზობლები ჰყვებიან, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მმართველი პარტიიდან ისლამ მამედოვი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაზარალებულმა თავდაპირველად თავად მიმართა პოლიციას, თუმცა შემდეგ მასზე მმართველი პარტიის ე.წ ტიტუშკების ზეწოლის შედეგად, სარჩელი უკან გაიტანა. როგორც დაზარალებული მთავარ არხთან აცხადებს, ეს იყო ოჯახური გაუგებრობა და პრობლემა უკვე ამოწურულია.
"ჯერ არ მინდა ამ თემაზე საუბარი, გიდასტურებთ, რომ იყო დაპირისპირება, თუმცა ეს იყო პირადული, ოჯახური გაუგებრობა, პრობლემა უკვე ამოწურულია, მე არ მინდა ამ თემაზე დამატებით კომენტარის გაკეთება," - ამბობს დაზარალებული სატელეფონო კომენტარისას.
"ნათლობა იყო ყველა ზეიმობდა ბოლოსკენ ცეკვის დროს დაიწყო დაპირისპირება, ვერ გეტყვით ზუსტად რა მოხდა. რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში,მაგრამ მალევე გააშველეს.. ისლამ მამედოვი იყო ერთ-ერთი ვინც ამ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, ყველა ქესალოს მკვიდრია," - აცხადებენ ადგილობრივები.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე გამოძიება შსს-მ 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.