ამერიკის ელჩის რეზიდენციაში საზეიმო მიღება ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წევრები და ბიზნეს სექტორი, ასევე ყოფილი პოლიტიკოსები.
"ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დეპუტატები, ის ადამიანები, რომლებმაც რუსულ კანონს დაუჭირეს მხარი - მაკა ბოჭორიშვილი, ნინო წილოსანი. მაკა ბოჭორიშვილმა "მთავართან" თქვა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ვნახავთ როგორ გაგრძელდება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა. ოპოზიცია სრული შემადგენლობით შეხვდა სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, რომ ისაუბრეს პრობლემებზე, მომავალ არჩევნებზე, რა ტიპის დახმარება იქნება აშშ-ის მხრიდან, მათ შორის არჩევნებზე დაკვირვების თვალსაზრისით.
"იყო შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირის საქართველოს ყველაზე უფრო გამორჩეულ მეგობართან. მოვისმინეთ მხარდაჭერის სრული გარანტიები, ძალიან სასარგებლო ვიზიტი იყო, უფრო სწორად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო და გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, რაღაც პერიოდის განმავლობაში ცალ-ცალკე ქალბატონ სენატორთან, რაზე ვისაუბრეთ ცალკეულმა ჩვენთაგანმა, ამაზე ვერ გეტყვით ვერაფერს", - თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.
"ერთიანობის" ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ვიზიტის ორპარტიულობა აჩვენებს, რომ აშშ უმაღლეს დონეზე აქცევს ყურადღებას იმას, თუ რა სიტუაციაა საქართველოში და საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, ქვეყანა.
"კოალიცია ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ქართველ ხალხს ექნება მხარდაჭერა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პოლიტიკოსები - ირაკლი ალასანია, თამარ ჩუგოშვილი, ასევე ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი, ვიქტორ ყიფიანი და ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური. მათ კითხვებს, აპირებენ თუ არა პოლიტიკურად გააქტიურდნენ, არ უპასუხეს.
"არაფერი უბრალოდ სენატორთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, დამპატიჟეს და გავისაუბრეთ საქართველოზე რა თქმა უნდა", - თქვა ირაკლი ალასანიამ.
ვიქტორ ყიფიანი გაექცა კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი პრობლემა.
"ითქვა, რომ დღევანდელი ურთიერთობები არ არის სასურველ კონდიციაში, ეს განცხადება გაკეთდა ძალიან გულწრფელად, ასევე გულწრფელი იყო სურვილი, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. მოდური ტერმინი გადატვირთვა, ჩვენ გვსმენია ეს ძალიან ხშირად", - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.