
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა უპასუხეს შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის მოსალოდნელი აშშ-ის პოლიტიკის ცვლილება თეთრ სახლის ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად და რამდენად მართებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკა და პროგნოზი, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან უკეთ შეძლებენ ურთიერთობის დალაგებას.
სენატორ ჯინ შაჰინის თქმით, აშშ-ის პოლიტიკა თანმიმდევრულია, მიუხედავად იმისა, ვინ არის პრეზიდენტი: დემოკრატი თუ რესპუბლიკელი.
"აშშ-ის პოლიტიკა თანმიმდევრულია და გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული ძალისხმევის მხარდაჭერას, მიუხედავად იმისა, ვინ არის პრეზიდენტი დემოკრატი თუ რესპუბლიკელი. არ მოველი, რომ ეს შეიცვლება. სენატში და წარმომადგენლობით პალატაშიც შეტანილია კანონმდებლობა, რომელიც მხარს უჭერს და აძლიერებს აშშ-ის მთავრობის ქმედებებს და განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას," - აღნიშნა ჯინ შაჰინმა. [სინქრონული თარგმანი]
ოპარტიულ მხარდაჭერაზე ისაუბრა მაიკ ტერნერმაც და საქართველოს მთავრობის მხრიდან ბაიდენის ადმინისტრაციის კრიტიკას გამოეხმაურა.
"ვიზიტი ემსახურება ამერიკის პოლიტიკის გაჟღერებას, რომ ეს არის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა. ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციების პოლიტიკას რომ გადავხედოთ, დაინახავთ, რომ არ იქნება ცვლილება საქართველოს მიმართ, იგივე მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის მიმართ, ევროინტეგრაციის მიმართ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას, რაც საინტერესო იყო პრემიერ მინისტრთან საუბრისას, ჩანდა რომ ზედმეტ ყურადღებას აქცევდა მისი მთავრობისა და მის მიმართ კრიტიკას. ჩვენ შევეცადეთ განგვემარტა, რომ დემოკრატიული პროცესი, დიალოგი, გულისხმობს კრიტიკას, ასე ხდება პოლიტიკის ფორმულირება, მთავრობის პოლიტიკის დახვეწა, ჩვენ მოვუწოდეთ პრემიერ-მინისტრს გაერკვეს, რომ დიალოგი, დემოკრატიული დებატი გულისხმობს კრიტიკას.“ - განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ტერნერმა. [სინქრონული თარგმანი]