საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სენატორი ჯინ შაჰინისა და კონგრესმენ მაიკ ტერნერის მწვავე განცხადებებს, რომელიც მათ საქართველოს ხელისუფლების მიმართ გააკეთეს ოპოზიციურ სპექტრში ეხმაურებიან.
"მკვეთრი და მკაფიო მესიჯები სასარგებლოა და კარგია. ბიძინა ივანიშვილმა იცის და ვერ იტყვის რომ გაფრთხილებული არ იყო, რომ მას მოუწევს პასუხისგება, იმისთვის რასაც არჩევნების გაყალბება ჰქვია. მინდა ყველას გავაგებინო, მათ შორის ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს მოუგებს და იგი მოახერხებს არჩევნების შედეგების დაცვას და ამით ვიამაყებთ ყველანი, ჩვენც და ჩვენი დასავლელი მეგობრებიც," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უარს სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრაზე, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ეს მიანიშნებს ივანიშვილის შიშზე.
"შიშზე მიანიშნებს, არაფერი აქვს სათქმელი, ბოლოს რაზეც ილაპარაკა იყო ბაობაბების გახმობა, სხვაზე მას საუბარი არ შეუძლია." - აღნიშნა გვარამიამ.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ის რომ საქართველოში ჩამოსული არიან ისეთი ამერიკელი პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ როგორც აშშ-ის კონგრესის ორივე პალატას, ასევე დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიებს, მიანიშნებს იმას, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ პოზიცია ერთიანია.
"მათი განცხადებებიდან ჩანდა, რომ ვერანაირი გადატვირთვა ვერ იქნება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს,"- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნების მხრიდან რუსული ინტერესების გატარებამ ამერიკელ პოლიტიკოსებს დაანახა აუცულებლობა, რომ ჩამოსულიყვნენ და ხაზგასმულად ქართველ ხალხისთვის დაეჭირათ მხარი.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა ამ არჩევნებს დეტალურად უყურებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანებს, ვინც არჩევნების გაყალბებას გაიფიქრებენ, გარდა ქართველი ხალხისა, მკაცრად დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორებიც," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
სამ ფაქტორს უსვამს ხაზს პარლამენტის წევრი თეონა აქუბარდია. მისი თქმით, ამ ვიზიტით დადასტურდა ამერიკის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ, ასევე გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს სვლას ავტორიტარიზმისკენ და მესამე ფაქტორი არის ის რომ ოქტომბრის არჩევნები აშშ-ის განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ მოექცევა.