
"კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა" რეგიონული ოფისების გახსნას აგრძელებს. კოალიციის ლიდერები იმერეთში იმყოფებიან, სადაც დღეს სამი ოფისის გახსნა იგეგმება.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადგილობრივებს ხვდებიან, მათ პრობლემებს ეცნობიან და საკუთარ გეგმებსაც აცნობენ.
"მოსახლეობის ღარიბი ნაწილი კიდევ უფრო ღარიბდება, მილიარდერი ადამიანის პირობებში. გაჭირვებულს კიდევ უფრო უჭირს წლების განმავლობაში, არადა ეკონომიკა ვითარდება და ბიუჯეტი იზრდება, აქ ქართული ოცნება არ იტყუება, მაგრამ როგორ ხდება, რომ გაჭირვებულთა რაოდენობაც იზრდება? იმიტომ რომ ეკონომიკა და ბიუჯეტი რომ იზრდება, შემოსავალი ეზრდება ელიტურ ოჯახებს და არა ვანელებს, ხონელებს და ქუთაისელებს.
საგარეო პოლიტიკური კურსი რომ იცვლება ივანიშვილის მეცადინეობით, გასაგებია და ამის უფლებას მას არავინ არ მიცემს, მაგრამ კორუფცია ანადგურებს ამ ქვეყანაში ენთუზიაზმს და მოტივაციას და აუბედურებს ოჯახებს.
ყველაზე ღარიბმა ადამიანმაც კი უნდა იცოდეს, რომ 26 ოქტომბერს, როდესაც ბიულეტენი ექნება ხელში , ამ ერთი ცალი ბიულეტენით მას შეეძლება დაამარცხოს ამ ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი, ივანიშვილის სახით," - განაცხადა ნიკა მელიამ ვანში ყოფნისას.
კოალიციის ოფისი გაიხსნა ხონშიც. ელენე ხოშტარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, მოსახლეობა მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს განიცდის და წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანია ემიგრაციაში.
"ხონი არის ადგილი, რომელსაც არანაირი ეკონომიკური პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, რადგან არის ძალიან ახლოს ქუთაისთან, აეროპორტთან, აქ არის წარმოუდგენელი, ულამაზესი ტურისტული ადგილები, კანიონები. მაგრამ დღეს ხონში არის მდგომარეობა, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანი არის ემიგრაციაში, დაცარიელებულია. ეს არის ნგრევისა და ტიპური მდგომარეობა რეგიონების. ყველას ესმის რომ საქართველოს გადარჩენა არის 26-ში ცვლილებებისთვის ხმის მიცემა, ამ ხელისუფლების გადარჩევა და ევროპულ დღის წესრიგში დაბრუნება, რაც მოგვცემს ყველანაირ სიკეთეს რაც ევროპას გააჩნია," - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
მძიმე ეკონომიკურ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება ზურაბ ჯაფარიძემაც.
"ის პრობლემები, რაზეც აქ გვესაუბრებიან მეტწილად არის იდენტური იმისა, რასაც ვაწყდებით ყველა რეგიონში. ესაა სამუშაო ადგილები, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის პრობლემები, ის რომ მოქალაქეები გარბიან საზღვარგარეთ და იცლება რეგიონი და არ არსებობს სტიმულები, რის გამოც შეიძლება აქ დარჩნენ. რაღაც პრობლემების მოგვარება ჩემი აზრით არის სწრაფად შესაძლებელი, რაღაც პრობლემების მოგვარებას სჭირდება რეფორმები და სწრაფი ეკონომიკური განვითარება, მათ შორის ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად ინტეგრაცია, რისი შანსიც ამ ქვეყანას აქვს 5 წელიწადში," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" მიმდინარე თვეში 100 მდე ოფისის გახსნას გეგმავს.
ავტორი: დავით კობიძე