"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები რაჭაში შეხვედრებს მართავენ. დღეს კიდევ ერთი ოფისი ამბროლაურში გაიხსნა. მაღალმთიან რეგიონში მოსახლეობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად უმუშევრობას ასახელებს, რის გამოც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს სოფელს და სკოლებშიც სულ უფრო ნაკლები მოსწავლე დადის.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, ლეჩხუმს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ მდიდარი რეგიონი იყოს.
"საარჩევნო შედეგები განსაზღვრავს მინიმუმ მომავალი 10 წლის ბედს. საარჩევნო შედეგები უნდა იყოს ცვლილებების მომტანი, ქართველი ხალხის ნება უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.
ლეჩხუმში ადამიანი უნდა იყოს არა თუ გაჭირვებული, არამედ ყველა უნდა იყოს მდიდარი. უნიკალური ღვინოა ამ მხარეში, რომელიც თავისუფლად შეიძლება გაიყიდოს აშშ-ში, ევროკავშირში და რამდენიმე ათეული დოლარი ღირდეს. ამას სჭირდება დასავლეთთან ინტეგრაცია, ურთიერთობის გაღრმავება. ქვეყანაში გვექნება რეგიონი, რომელიც გამორჩეული იქნება არამხოლოდ ადგილობრივი კულტურით არამედ სიმდიდრით. ეს ყველაფერი შესაძლებელია ცვლილებების შემდეგ." - განაცხადა ნიკა მელიამ.
კოალიციის კიდევ ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ლეჩხუმში სხვა რეგიონების ანალოგიური პრობლემები აქვთ და მოსახლეობა საკმაოდ მოტივირებულია ცვლილებებისთვის.
"ესმით, რომ ამ პრობლემების მოგვარების გზა საბოლოოდ გადის იმაზე, რომ ეს ქვეყანა უნდა განვითარდეს სწრაფად და სწრაფი განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა არის დასავლეთში, რომლის წევრიც საქართველო შეიძლება გახდეს სულ რაღაც 5-6 წელიწადში," - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
დღესვე ლიდერები ონში ჩავლენ, სადაც ასევე გაიხსნება ოფისი.