ცაგერი, ამბროლაური, ონი, ტყიბული - "კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" რეგიონებში 4 ახალი ოფისი გახსნა. დღეისთვის, ბოლო ოფისი კოალიციის ლიდერებმა ტყიბულში გახსნეს.
პარალელურად, მუნიციპალიტეტებში კოალიციის ლიდერები ადგილბრივებს ხვდებიან და მათ წუხილს ისმენენ. ასევე განუმარტავენ, როგორია ქვეყნის წინსვლის და განვითარების მათეული ხედვა, როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას და რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოახლოებულ არჩევნებს.
"სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საუბრობს ხმამაღლა ცვლილებებთან დაკავშირებით. არის ხალხი, სიმართლე უნდა ითქვას, რომლებიც ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო ხმამაღლა ამაზე არ საუბრობს, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ივანიშვილმა ქვეყანაში შექმნა მოჯადოებული წრე, რომელიც არ ითვალისწინებს ხალხის ინტერესს და ეს მოჯადოებული წრე არის გასარღვევი. და ეს მოჯადოებული წრე უნდა გაირღვეს ხალხის მიერვე 26 ოქტომბერს. მე ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად მძიმე სპეციფიკისა, სადაც ზეწოლა გაცილებით უფრო ძლიერი აქვს "ქართულ ოცნებას" ამომრჩევლის ნებაზე, აი ასეთ რაიონებში, როგორიც არის ამბროლაური, ონი, ცაგერი და ტყიბული, აქაც კი იგრძნობა, რომ ხალხი იღვიძებს. აქაც კი იგრძნობა დაუოკებელი სურვილი ცვლილებების. შეუძლებელი არის, რომ 26 ოქტომბერს ხალხმა საკუთარი ნება ვერ ასახოს. ასახავს. სიმრავლით და სიმტკიცით. მორალური დიდი უპირატესობა გვაქვს, ერთადერთი რამე, რაც "ქართულ ოცნებას" დარჩენია, არის, დათესოს ქაოსი", - განაცხადა ნიკა მელიამ.
"მეოთხე ადგილია, სადაც დღეს მოვედით. მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ყველაფერი ამ ქვეყანაში არის მთავრობის ხელში და ახლა ამ ყველაფერს პატრონობს და იყენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის ივანიშვილი და მისი კლანი. ამ ყველაფერში იგულისხმება მართლა რასაც ხედავთ ყველაფერს გარშემო, მიწაა, ტყეა თუ რაღაცა წიაღისეულია თუ რაცაა, ყველაფერი, გადანაწილებული აქვთ ადგილობრივ ფეოდალებზე იმიტომ რომ სხვა სახელს ვერ დაარქმევ. ყველგან, სადაც ჩადიხარ, გეუბნებიან, რომ აი, ვიღაც ეს ადამიანია და ამისი არის ეს კარიერი, ამისი არის ეს ტყე და ა.შ. იგივე ხალხი ან მათთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც ადგილზე იგებენ სხვადასხვა სახის ტენდერებს რომ ინფრასტრუქტურაში რაღაცა გააკეთონ, მაგრამ იქიდან ფული მოიპარონ. ჩვეულებრივი ფეოდალური სისტემა არის ქვეყანაში და პრობლემაა ის რომ ეს სისტემა არის შესაცვლელი", - ამბობს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.